ფოთელებმა ზედიზედ მეშვიდედ წააგეს – ლიგა-2-ს სიწითლე დაერია
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში მერვე ტური დაიწყო – დღეს ორი შეხვედრა გაიმართა. თბილისის „შევარდენმა“ „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე „ზუგდიდს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
სტუმრები 31-ე წუთზე კაცნაკლულები დარჩნენ: მთავარმა მსაჯმა გიგა წურწუმიას მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა. „შევარდენმა“ რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა – 42-ე წუთზე, ახალგაზრდა ნახევარმცველმა თამაზ ბაბუნიძემ ზუგდიდელთა კარი აიღო. მაგრამ თამაშს ინტრიგა შეხვედრის ბოლომდე ახლდა: 78-ე წუთზე მოთამაშე უკვე მასპინძლებს გაუგდეს: მთავარმა მსაჯმა ამჯერად მეორე ყვითელი ბარათით ბექა ხარშილაძე გააძევა. ზუგდიდელებმა ბოლომდე იბრძოლეს და 82-ე წუთზე პენალტის დარტყმის და ქულის გადარჩენის შანსი მიიღეს, მაგრამ ბექა ზაქრაძემ შესაძლებლობით ვერ ისარგებლა და საბოლოოდ, „შევარდენმა“ 1:0 მოიგო.
„პარკი არენაზე“ ფოთის „კოლხეთი 1913“-მა „გაგრას“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. სტუმართაგან გოლები თენგიზ ბრეგვაძემ (54) და კობა შალამბერიძემ (85) გაიტანეს. წითელი ბარათის გარეშე არც ეს შეხვედრა დასრულებულა: 86-ე მოედნიდან ფოთელთა ნახევარმცველი გიორგი გურეშიძე გააგდეს. აღსანიშნავია, რომ სათასო შეხვედრის ჩათვლით (რომელიც „კოლხეთმა“ მეოთხე ლიგის „სპაერთან“ დათმო 1:5) ფოთელებმა ზედიზედ მეშვიდე შეხვედრა წააგეს. აღშფოთებას გუნდის ოფიციალური გვერდზეც არ მალავენ: „ქვეყნის უძველეს გუნდს შველა სჭირდება – გამოიღვიძეთ“.
სამშაბათს, 23 აპრილს კიდევ სამი შეხვედრა გაიმართება:
თელავი – შუქურა
15:00. თელავი. „გივი ჩოხელი“
ცხინვალი – გურია
15:00. თბილისი. „დავით პეტრიაშვილი“
სამტრედია – მერანი თბ
16:00. სამტრედია. „ეროსი მანჯგალაძე“