„ფორსაჟი 9“-ის გადაღებების გამო, თავისუფლების მოედნიდან ყოფილი ფოსტის შენობამდე მოძრაობა აიკრძალა
„ფორსაჟი 9“-ის გადაღებების გამო, თავისუფლების მოედნიდან ყოფილი ფოსტის შენობამდე მოძრაობა აიკრძალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, პირველი სექტემბრის ჩათვლით, ჰოლივუდის ფილმის – Fast and Furious 9-ის („ფორსაჟი 9“) ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებების გამო, რუსთაველის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იქნება.

მოძრაობა აიკრძალა თავისუფლების მოედნიდან ყოფილი ფოსტის შენობამდე.

შსს-ში აცხადებენ, რომ ავლაბრიდან მომავალი ავტოტრანსპორტის ნაკადი ბარათაშვილის ხიდის გავლით მოძრაობს, როგორც თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ასევე ორბელიანის მოედნიდან თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით.

მეტროსადგურ „რუსთაველიდან“ მოძრავ ავტოტრანსპორტს მოძრაობა შეუძლია ყოფილი ფოსტის შენობამდე და მოძრაობას განაგრძობენ რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით. მოძრაობა აკრძალულია რუსთაველის გამზირზე შემსვლელ და გამსვლელ ყველა ქუჩაზე.

ზემო ვერაზე მოძრავი ავტოტრანსპორტი სარგებლობს გრიბოედოვისა და ბარნოვის ქუჩებით, რომელთა გავლითაც ხვდებიან რუსთაველის გამზირზე.

შსს-ს ცნობით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მოძრაობის უსაფრთხოების და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით დაარეგულირებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს, საჭიროების შემთხვევაში პატრულ-ინსპექტორები მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტების შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას.

ამასთან, თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ რუსთაველის გამზირისკენ მოძრაობა დროებით იზღუდება ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, ბესიკის, უკრაინკას, ალ. ჭიჭინაძის, 9 აპრილის, მესხიას, ვასო აბაშიძის, ჭანტურიას, ჯორჯაძისა და ფურცელაძის ქუჩებიდანაც.

აღნიშნულ მონაკვეთზე ფეხით მოსიარულეები გადაადგილებას შეძლებენ 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.

მერიის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედანთან დასაკავშირებლად კერძო ტრანსპორტი გაივლის მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩას და მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ბარათაშვილის ქუჩისკენ აუხვევს. ბარათაშვილის ქუჩიდან ფილარმონიისკენ გადაადგილება შესაძლებელი იქნება როგორც მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ჯავახიშვილის ქუჩის, ასევე თაბუკაშვილის ქუჩის გავლითაც.

დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. რუსთაველის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები N6, N14, N31, N33, N37, N42, N46, N52, N58, N87, N88, N124 და N150, ასევე, მიკროავტობუსები N2, N19, N31, N41, N64, N72, N120, N133, 137, N141, N145 და N170 რუსთაველის გამზირიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე ჩაუხვევენ, საიდანაც მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან. ისინი უკუმიმართულებითაც მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ჯავახიშვილის ქუჩით იმოძრავებენ.

მერიაში აცხადებენ, რომ ავტობუსები N20 და N23, რომლებიც ბარათაშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის გავლით გია ჭანტურიას ქუჩისა და ზაარბრიუკენის მოედნისკენ მოძრაობენ, მოტრიალდებიან თავისუფლების მოედანზე, ბარათაშვილის ხიდით მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადავლენ, რის შემდეგაც გაივლიან ხეთაგუროვის ქუჩას და ზაარბრიუკენის მოედანს დაუკავშირდებიან. რაც შეეხება N6, N10, N15, N118, N140 და N149 მიკროავტობუსებს, ბარათაშვილის ქუჩიდან თაბუკაშვილის ქუჩაზე შეუხვევენ, ჭანტურიას ქუჩის გავლით ათონელის ქუჩას დაუკავშირდებიან და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.