„ფორსაჟი 9“-ის გადაღებები თბილისში დღეიდან დაიწყო

ჰოლივუდის ფილმის – Fast and Furious 9-ის („ფორსაჟი 9“) ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებები საქართველოში დღეიდან, 19 აგვისტოდან დაიწყო და 20 სექტემბრამდე გაგრძელდება.

გადაღებების გამო, პერიოდულად გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

გადაღებებისთვის შერჩეულია ლოკაციები თბილისსა და რუსთავში. კერძოდ, გადაღება განხორციელდება რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზისა და უნივერსიტეტის ქუჩებზე, ასევე, რუსთავში ავტობაზრობის ტერიტორიაზე.​

პირველ ეტაპზე, 27 აგვისტოს 18:00 საათამდე თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობა აიკრძალა იონა ვაკელის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ჩიხამდე, ანუ აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკიდან მეტროსადგურ „დელისამდე“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, შესაბამისად, მოძრაობა ცალმხრივადაა შესაძლებელი: ნუცუბიძის ქუჩაზე, ბუდაპეშტის ქუჩიდან თავაძის ქუჩამდე მონაკვეთში;
თავაძის ქუჩაზე, ნუცუბიძის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით;

ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა იმოქმედებს 24-საათიან რეჟიმში, ხოლო ფეხით მოსიარულეებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.

შსს-ს ცნობით, კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩებიდან იონა ვაკელის ქუჩისკენ მოძრაობა დაშვებული იქნება სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო ბრიგადების სატრანსპორტო საშუალებებისთვის.

ამასთან, დროებითი ცვლილებებიდან გამომდინარე, კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, მუნიციპალური ავტობუსები N21, N24, N34, N47, N49, N51, N54, N66, N87, N88 და N150 ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მეტროსადგურ „დელისთან“ იონა ვაკელის, ნუცუბიძისა და თავაძის ქუჩების გავლით მოხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, მიკროავტობუსები და ავტობუსები N63 და N99 მეტროსადგურ „დელისიდან“ ნუცუბიძის ქუჩას ვაჟა-ფშაველას გამზირისა და მარიჯანის ქუჩის მეშვეობით დაუკავშირდებიან, ხოლო ნუცუბიძის ქუჩიდან ბუდაპეშტის ქუჩაზე მისასვლელად, როგორც კერძო, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, ავტობუსები N6 და N89 იმოძრავებენ თავაძის ქუჩის, ყაზბეგის გამზირისა და იონა ვაკელის ქუჩის გავლით. საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც ცინცაძის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით კარტოზიას ქუჩის გავლით მოძრაობდა, ვაჟა-ფშაველას გამზირს ვლადიმერ და არჩილ ასათიანების ქუჩისა და თამარაშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდება, ხოლო ბერიტაშვილისა და ბუდაპეშტის ქუჩებიდან კერძო ტრანსპორტი ვაჟა-ფშაველას გამზირზე ბუდაპეშტისა და ჭილაძის ქუჩების გავლით მოხვდება.