ფორმულა 1 | მაქს ფერსტაპენმა ბრაზილიაში მე-17 ადგილიდან გაიმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონის მორიგ ტიტულს მიუახლოვდა #1TVSPORT
ფორმულა 1 | მაქს ფერსტაპენმა ბრაზილიაში მე-17 ადგილიდან გაიმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონის მორიგ ტიტულს მიუახლოვდა #1TVSPORT

ფორმულა 1-ის 2024 წლის მორიგი ეტაპი ბრაზილიაში, სან პაოლოს ავტოდრომზე გაიმართა და ჩემპიონატის ლიდერის, მაქს ფერსტაპენის („რედ ბული“) გამარჯვებით დასრულდა.

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი წვიმიანი კვალიფიკაციის შედეგად რბოლას მე-17 ადგილიდან იწყებდა, პირველ ადგილზე სატურნირო ცხრილში მისი უშუალო კონკურენტი ლანდო ნორისი („მაკლარენი“) იდგა, ხოლო მეორე პოზიციას „მერსედესის“ ბრიტანელი პილოტი ჯორჯ რასელი იკავებდა.

სან პაოლოში მთელი რბოლის განმავლობაში წვიმდა, ტრასაზე რამდენჯერმე გამოჩნდა უსაფრთხოების მანქანა, რამდენიმე პილოტიც ასპარეზობას გამოეთიშა, თუმცა მაქს ფერსტაპენი მთელი რბოლის განმავლობაში უშეცდომო იყო. მან დასაწყისშივე მოიპოვა მე-11 ადგილი, ხოლო მე-20 წრისთვის უკვე ხუთეულში იმყოფებოდა.

რბოლის შუაში, წითელი დროშების გამოჩენის შემდეგ ნიდერლანდელი მეორე ადგილზე აღმოჩნდა, შემდეგ კი პირველადგილოსანი ესტებან ოკონიც („ალპინი“) ეფექტური მანევრით ჩამოიშორა, ლიდერი გახდა და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა. მაქსმა უსწრაფესი წრეც აჩვენა და, ჯამში, 26 ქულას მოუყარა თავი. ეს ფერსტაპენის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვება იყო და დიდი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონის მეოთხე ტიტულისკენ.

აღსანიშნავია, რომ პოდიუმზე ფრანგული გუნდის, „ალპინის“ ორი პილოტი ავიდა, რაც ცხრილის მეორე ნახევარში მყოფი გუნდისგან ძალიან მოულოდნელი იყო. მეორე ადგილი ესტებან ოკონმა დაიკავა და 18 ქულა დაიმსახურა, ხოლო მესამეზე პიერ გასლი გავიდა, მან 15 ქულა მიიღო.

ნიდერლანდელის კონკურენტმა, ნორისმა გრან პრი მე-6 ადგილზე დაასრულა და სეზონის დასრულებამდე 3 რბოლით ადრე ჩემპიონობის შანსი, პრაქტიკულად, დაკარგა. ამჟამად ფერსტაპენს 393 ქულა აქვს, ხოლო ნორისს – 331. მესამეზე პოზიციას 307 ქულით შარლ ლეკლერი იკავებს „ფერარიდან“.

განსხვავებული სიტუაციაა კონსტრუქტორთა თასზე, სადაც „მაკლარენი“ 593 ქულით პირველია. 557 ქულა აქვს „ფერარის“, ხოლო 544 – „რედ ბულს“.

ფორმულა 1-ის მორიგ ეტაპს ლას ვეგასი 22-24 ნოემბერს უმასპინძლებს.