ფორმულა 1-ის 2024 წლის სეზონის მეექვსე ეტაპს მაიამის საერთაშორისო ავტოდრომმა უმასპინძლა. რბოლა „მაკლარენის“ ბრიტანელი პილოტის, ლანდო ნორისის გამარჯვებით დასრულდა.
მაიამის გრანპრის პირველი ადგილიდან მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და მიმდინარე სეზონის ლიდერი მაქს ფერსტაპენი („რედ ბული“) იწყებდა, ხოლო ნორისი სასტარტო ბილიკზე მეექვსე იყო.
სტარტი ფერსტაპენმა მოიგო და ლიდერი გახდა, თუმცა „მაკლარენის“ და „ფერარის“ პილოტები მასთან მუდმივად ახლოს იყვნენ. რბოლის შუაში ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა, რითიც ნორისმა ისარგებლა და პირველ ადგილზე გადავიდა. ამის შემდეგ, მას უპირატესობა აღარ დაუთმია.
რბოლა მეორე ადგილზე ფერსტაპენმა დაასრულა, ხოლო პოდიუმზე მესამე ადგილი „ფერარის“ პილოტმა, შარლ ლეკლერმა დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ნორისისთვის ეს პირველი გამარჯვება იყო კარიერაში, მას ფორმულა 1-ში 110 რბოლა აქვს ჩატარებული.
ამ მომენტისთვის მსოფლიო ჩემპიონატს ფერსტაპენი 136 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე მისი თანაგუნდელი სერხიო პერესია (103 ქულა), მესამე პოზიციას 98 ქულით შარლ ლეკლერი იკავებს, ხოლო მეოთხეს 83 ქულით – ლანდო ნორისი.
კონსტრუქტორთა დავაში პირველ ადგილზე 239 ქულით „რედ ბულია“, 197 ქულა აქვს „ფერარის“ და 124 – „მაკლარენს“.
ფორმულა 1-ის 2024 წლის სეზონის მეშვიდე ეტაპი იტალიაში, იმოლაზე 17-19 მაისს ჩატარდება.