ფორმულა 1 | იაპონიის გრანპრი მაქს ფერსტაპენმა მოიგო - „რედ ბულმა“ სეზონში მესამე დუბლი შეასრულა #1TVSPORT
ფორმულა 1 | იაპონიის გრანპრი მაქს ფერსტაპენმა მოიგო - „რედ ბულმა“ სეზონში მესამე დუბლი შეასრულა #1TVSPORT

იაპონიაში, სუზუკას ავტოდრომზე ფორმულა 1-ის 2024 წლის სეზონის რიგით მეოთხე რბოლა გაიმართა, რომელიც „რედ ბულის“ ნიდერლანდელი პილოტის, მაქს ფერსტაპენის გამარჯვებით დასრულდა.

წინა გრანპრი ავსტრალიაში სამუხრუჭე სისტემაზე შექმნილი პრობლემის გამო ფერსტაპენმა ვერ დაასრულა და სატურნირო ცხრილში მას „ფერარის“ პილოტი შარლ ლეკლერი მიუახლოვდა. იაპონიის გრანპრის ნიდერლანდელი პირველი პოზიციიდან იწყებდა, მეორე ადგილზე მისი თანაგუნდელი სერხიო პერესი იყო, ხოლო მესამე პოზიციას „მაკლარენიდან“ ლანდო ნორისი იკავებდა.

პირველ წრეზე უკანა რიგებში შეჯახება მოხდა, „რეისინგ ბულის“ პილოტი დანიელ რიკიარდო და „ვილიამსის“ წარმომადგენელი ალექსანდერ ალბონი ასპარეზობას გამოეთიშნენ. რბოლის დირექციამ სტარტი თავიდან დანიშნა, ფერსტაპენმა უპირატესობა სწრაფადვე მოიპოვა და რბოლის ბოლომდე არ დაუთმია.

დამაჯერებელი იყო სერხიო პერესიც, რომელმაც პოდიუმზე მეორე ადგილი დაიკავა. „ფერარიმ“ სტრატეგიულად სწორად იმუშავა და მესამე პოზიციაზე ესპანელი კარლოს საინსი გავიდა, ხოლო მეოთხე ადგილს შარლ ლეკლერი დასჯერდა. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი რბოლას მერვე პოზიციიდან იწყებდა და დღის საუკეთესო მრბოლელის წოდებაც მოიპოვა. შედეგად, „რედ ბულმა“ სეზონში მესამედ შეძლო დუბლის შესრულება, ავსტრიელებმა ამის გაკეთება ბაჰრეინსა და საუდის არაბეთშიც შეძლეს.

ფორმულა 1-ში 2024 წლის სეზონს ფერსტაპენი ლიდერობს 77 ქულით და ზედიზედ მეოთხე ტიტულის მოგებას უმიზნებს. მეორე ადგილზე „რედ ბულში“ მისი თანაგუნდელი სერხიო პერესია (64 ქულა), ხოლო მესამე 59 ქულით შარლ ლეკლერია „ფერარიდან“.

რაც შეეხება კონსტრუქტორთა დავას, „რედ ბული“ 144 ქულით პირველია. 120 ქულა აქვს „ფერარის“, მესამეადგილოსან „მაკლარენს“ კი – 69.