ფორმატი, მონაწილეები, მასპინძლები - ყველაფერი, რაც კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრამდე უკვე ცნობილია #1TVSPORT
ფორმატი, მონაწილეები, მასპინძლები - ყველაფერი, რაც კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრამდე უკვე ცნობილია #1TVSPORT

კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელსაც ფიბა ოფიციალურად მსოფლიოს თასს უწოდებს, მიმდინარე წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით სამ აზიურ ქვეყანაში – ინდონეზიაში, იაპონიასა და ფილიპინებში გაიმართება. მუნდიალს ინდონეზიისა და ფილიპინების დედაქალაქები, შესაბამისად, ჯაკარტა და მანილა უმასპინძლებენ, იაპონიაში კი მსოფლიო თასის E და F ჯგუფების მასპინძელი ქალაქი ოკინავა იქნება.

უკვე ოფიციალურად გამოქვეყნდა, რომელი ქვეყანა რომელ ჯგუფებს უმასპინძლებს. 29 აპრილის წილისყრის დასრულების შემდეგ​​, როცა ქალაქ მანილაში მსოფლიოს ჩემპიონატზე გასულ გუნდებს ჯგუფებში, შესაბამისად, ქვეყნებში გადაანაწილებენ, კალენდარიც ავტომატურად მზად იქნება.

აქვე ვთქვათ, რომ იაპონიის მსგავსად, ინდონეზიაც მსოფლიო ჩემპიონატის 2 ჯგუფს (G, H) უმასპინძლებს, ხოლო ფილიპინებში, რომელიც სამ მასპინძელ ქვეყანას შორის დომინანტია, 4 ჯგუფის (A, B, C, D) თამაშები გაიმართება, ისევე როგორც პლეიოფის მატჩები, რომელიც მეოთხედფინალებიდან დაიწყება.

სანამ გათამაშების ფორმატზე ვისაუბრებთ, გაცნობებთ, რომ კენჭისყრა ფიბა-ს მიმდინარე კლასიფიკაციით გაიმართება, ანუ გუნდები კალათებში მიმდინარე რეიტინგით განაწილდება. აქედანვე ცნობილია ის, რომ შეერთებული შტატები ფილიპინებში ითამაშებს, სლოვენია – იაპონიაში, ხოლო კანადა – ინდონეზიაში. ეს არჩევანი თავად მასპინძელმა ქვეყნებმა გააკეთეს. ეს ევრობასკეტზე უკვე კარგად აპრობირებული მეთოდია, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ძირითადად ფინანსური მოტივების გათვალისწინებით, მასპინძელს საშუალება აქვს, აირჩიოს ერთი მეტოქე, რომელიც მისი ქვეყნის ჯგუფში იასპარეზებს. საინტერესოა ის, რომ ინდონეზიას, რომელიც მსოფლიო თასის ერთ-ერთი მასპინძელია, ტურნირზე საკუთარი ნაკრები არ გამოჰყავს – ინდონეზიელებს სუსტი გუნდი ჰყავთ და პირველ საკვალიფიკაციო ტურნირზე ექვსი წაგებით დაასრულეს საკვალიფიკაციოზე გამოსვლა.

მსოფლიოს ჩემპიონატი იმავე ფორმატით ჩატარდება, როგორც ოთხი წლის წინ – ჩინეთში. მსოფლიოს თასზე გასული 32 ნაკრები, ფიბა-ს რეიტინგის გათვალისწინებითა და გეოგრაფიული პრინციპით, კალათებში განითესება, რის შემდეგაც 29 აპრილს მანილაში დაგეგმილი წილისყრით 8 ჯგუფში განაწილდება. აქვე ჩამოვთვალოთ ის 32 ქვეყანა, რომლის ნაკრებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა.

ევროპა
ლატვია, გერმანია, საბერძნეთი, ფინეთი, სლოვენია, საფრანგეთი, ლიეტუვა, ესპანეთი, იტალია, საქართველო, მონტენეგრო, სერბეთი

აზია
ფილიპინები, იაპონია, ლიბანი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ჩინეთი, ირანი, იორდანია

ამერიკა
აშშ, კანადა, ბრაზილია, მექსიკა, ვენესუელა, პუერტო რიკო, დომინიკის რესპუბლიკა

აფრიკა
ეგვიპტე, ანგოლა, სამხრეთ სუდანი, კაბო ვერდე, კოტ დ’ივუარი

29 აპრილის კენჭისყრის შემდეგ წარმოდგენილი 32 ნაკრები 8 ჯგუფში გადანაწილდება. ჯგუფში თითოეული გუნდი 3 მატჩს ჩაატარებს, რის შემდეგაც თითოეულიდან 2 საუკეთესო (ჯამში, 16 ნაკრები) მომდევნო, მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავა.  უკვე ცნობილია, რომ A ჯგუფის ორი საუკეთესო B-ს ორ საუკეთესოსთან ახალ ჯგუფს შექმნის და ასე თანმიმდევრობით:  C D-სთან დაწყვილდება, E – F-თან და G – H-თან. ყოფილ თანაჯგუფელებს ერთმანეთში ნათამაშები შედეგი მეორე ეტაპზე გადაჰყვებათ და ახალ ჯგუფებში თითოეული მათგანი 2 მატჩს ჩაატარებს, რის შემდეგაც ოთხივე ჯგუფის 2-2 საუკეთესო (ჯამში, 8 გუნდი) მეოთხედფინალში გავა.

პირველი ეტაპის მიღმა დარჩენილი გუნდები ერთმანეთში საკვალიფიკაციო მატჩებს ჩაატარებენ, რაც იმ მიზნით ხდება, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გარკვეული ადგილების მფლობელები უნდა გამოვლინდნენ. მაგალითისთვის, პირველ ჯგუფებში ჩარჩენილი გუნდები 17-32 ადგილებისთვის საკვალიფიკაციო ჯგუფების მატჩებში იბრძოლებენ, ხოლო ვინც მეორე ჯგუფური ეტაპიდან ვერ გავა, 9-16 ადგილებისთვის მატჩებს არ გამართავენ. სამაგიეროდ, გათამაშდება V-VIII ადგილები, რომელთათვისაც მეოთხედფინალებში დამარცხებული გუნდები იბრძოლებენ, ხოლო გამარჯვებულები, ცხადია, მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ოთხეულს გამოავლენენ.