„ფორბსის“ ვერსიით ლიონელ მესი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია
ავტორიტეტულმა ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბსმა“ შეადგინა 100 ყველაზე მაღალანაზღაურებადი „სელებრითის“ რეიტინგი. სპორტსმენთა შორის ამ სიაში საუკეთესოა „ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი – ის მეოთხე ადგილზე გავიდა. 32 წლის არგენტინელის შემოსავალი 2018 წლის ივნისიდან 2019 წლის ივნისამდე 127 მილიონი ევრო იყო.
პირველ ათეულში სპორტის კიდევ სამი წარმომადგენელია: „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ (მე-6 ადგილი, 109 მილიონი), „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ნეიმარი (მე-7 ადგილი, 105 მილიონი) და მექსიკელი მოკრივე საულ ალვარესი (მე-10 ადგილი, 94 მილიონი). ალვარესთან ახლოს არის შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი (მე-11 ადგილი, 93.4 მილიონი).
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ცნობილი ადამიანი კი ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტია, რომელმაც ერთ წელიწადში 185 მილიონი გამოიმუშავა. მეორე ადგილზეა მოდელი კაილი ჯენერი (171 მილიონი), მესამეზე – რეპერი და პროდუსერი კანიე უესტი (150 მილიონი).