„ფორბსი“ - უკრაინის წინააღმდეგ ომზე რუსეთმა ცხრა თვეში 82 მილიარდ დოლარამდე დახარჯა, რაც ქვეყნის წლიური ბიუჯეტის დაახლოებით მეოთხედს შეადგენს
„ფორბსი“ - უკრაინის წინააღმდეგ ომზე რუსეთმა ცხრა თვეში 82 მილიარდ დოლარამდე დახარჯა, რაც ქვეყნის წლიური ბიუჯეტის დაახლოებით მეოთხედს შეადგენს

უკრაინის წინააღმდეგ ომზე ცხრა თვის განმავლობაში რუსეთმა დაახლოებით 82 მილიარდი დოლარი დახარჯა, რაც რუსეთის წლიური ბიუჯეტის დაახლოებით მეოთხედს შეადგენს. შესაბამის მონაცემებს გამოცემა „ფორბსის“ უკრაინული რედაქცია ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, აღნიშნულ თანხაში შედის უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის წარმოებისთვის აუცილებელი უშუალო ხარჯები, თუმცა არ არის გათვალისწინებული თავდაცვის სტაბილური ხარჯები და დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებით გამოწვეული დანაკარგები.

2021 წელს რუსეთის საბიუჯეტო ხარჯებმა 340 მილიარდი დოლარი შეადგინა, შესაბამისად, უკრაინაში ომზე დახარჯული თანხა ქვეყნის წლიური ბიუჯეტის დაახლოებით მეოთხედია. ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ მომავალ წელს რუსეთისთვის ომის ხარჯი, სავარაუდოდ, ბევრად გაიზრდება, რადგან რუსეთის საკუთარი რესურსები სამხედრო საჭიროებების უზრუნველსაყოფად იწურება.

„ფორბსის“ უკრაინული რედაქციის გამოთვლით, რუსეთი ერთ სამხედროზე საშუალოდ დაახლოებით 200 დოლარს ხარჯავს. მობილიზების შემდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩართული ჯარისკაცების ხელფასების საერთო ხარჯმა კი 2.7 მილიარდ დოლარამდე შეადგინა. თუკი ზაფხულს დაღუპული და დაჭრილი სამხედროების ოჯახებისთვის გამოყოფილი კომპენსაციის თანხა ყოველთვიურად მილიარდ დოლარს შეადგენდა, ომის ბოლო თვეებში ამ თანხამ 3,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

სხვადასხვა მონაცემით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დღეში ათი ათასიდან 50 ათასამდე ჭურვი გამოიყენა, რაც 5.5 მილიარდ დოლარს აღემატება. რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქების მისამართით ოთხი ათასზე მეტი რაკეტა გაუშვა, თითოეულის ღირებულება საშუალოდ 3 მილიონი დოლარია.

რუსეთმა უკრაინაში 278 საბრძოლო თვითმფრინავი დაკარგა, თითოეულის საშუალო ღირებულება 18 მილიონ დოლარს შეადგეს, ასევე — 261 ვერტმფრენი, 104 მილიონი დოლარის საშუალო ღირებულებით. რუსეთის სამხედრო ავიაციის საერთო დანაკარგი დაახლოებით 8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ანალიტიკოსების გაანგარიშებით, რუსეთმა 24 თებერვლის შემდეგ მის ხელთ არსებული 3 300 ტანკიდან 2 897 დაკარგა. „ამჟამად კრემლი ცდილობს, აღადგინოს ტექნიკა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში საწყობებში ინახებოდა და მნიშვნელოვან მოდერნიზებას საჭიროებს“, – წერს გამოცემა.

„ფორბსის“ მონაცემებით, უკრაინის წინააღმდეგ ომის ცხრა თვის განმავლობაში რუსეთის მიერ დაკარგული ტექნიკის საერთო ღირებულება 20.8 მილიარდ დოლარს შეადგენს.