ფორბსი - საქართველოს დედაქალაქი წლის ყველაზე აღმაფრთოვანებელი ქალაქია
ფორბსი - საქართველოს დედაქალაქი წლის ყველაზე აღმაფრთოვანებელი ქალაქია

ბერლინი გადის, თბილისი შემოდის: საქართველოს დედაქალაქი წლის ყველაზე აღმაფრთოვანებელი ქალაქია, – ასეთი სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა „ფორბსის“ სტატიას.

„რა არის ამ პატარა კავკასიურ ქვეყანაში ოთხი მილიონიანი მოსახლეობით ისეთი, რაც იზიდავს არა მხოლოდ ყველაზე ცნობისმოყვარე მოგზაურებს, არამედ ყველა ტიპის მოგზაურებს? ეს შეიძლება იყოს, თანამედროვე სტილის ახალი სასტუმროები, რომლებიც გაჩნდა ქალაქში ან ქვეყნის პროდასავლური მენტალობა, რომელმაც ის უფრო გლობალური მიმართულებით (საქართველო გაერო-ს და ევროსაბჭოს წევრია) წაიყვანა, რამაც ბოლო დროს მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებაც კი გამოიწვია. შესაძლოა, ეს მათი 8000 წლით დათარიღებული ღვინის კეთების ტექნიკაა ან შესაძლოა, ეს სულაც ჭაჭაა. ოჰ, ჭაჭა. მართალია, არავინ იცის ზუსტად, რა არის ეს, თუმცა ეს რაღაც თბილისს მიმდინარე წელს მოსანახულებლად ერთ-ერთ ყველაზე აღმაფრთოვანებელ ქალაქს ხდის“, – წერს სტატიის ავტორი ბრენა უილსონი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველო პირველი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა გახდა, რომელმაც მარიხუანას მომხმარების ლეგალიზება მოახდინა, სწორედ ქვეყნის პროგრესიული მიდგომა აქცევს საქართველოს აღმაფრთოვანებელ ადგილად.

„ადგილობრივი ახალგაზრდები მიისწრაფიან ქვეყნის წინსვლისკენ და მათ არ ეშინიათ ამის ჩვენების – დემონსტრაციები და აქციები არის დაუმორჩილებლობის აქტები, რომლებსაც ქალაქის ახალგაზრდობა უკან მოუხედავად მიმართავს. ამას აქვს მნიშვნელობა იმდენად, რომ 2018 წლის 30 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ „მარიხუანას მოხმარება პიროვნების თავისუფლების უფლებით დაცული ქმედებაა“ და, რომ „მარიხუანას შეუძლია ზიანი მხოლოდ მომხმარებლის ჯანმრთელობას მიაყენოს“, – ნათქვამია სტატიაში.

„ეს არის აქცია მარიხუანას ლეგალიზების მხარდასაჭერად თუ პროტესტი ქალაქის ყველაზე პოპულარულ საცეკვაო კლუბში პოლიციის შეიარაღებული რეიდის გამო უკმაყოფილების გამოსახატად, ქალაქის ახალგაზრდობა მიისწრაფის საქართველოს უკეთესი ცლილებისკენ“, – აღნიშნავს სტატიის ავტორი.

როგორც სტატიის ავტორი ამბობს, მაშინ, როდესაც ქვეყანა მნიშვნელოვან ცვლილებებს გადის, რაღაცები უცვლელი რჩება, მაგალითად, მეღვინეობა.

„თუმცა ღვინო არ არის ის, რითაც ადამიანები აღფრთოვანებულები არიან, ეს ჭაჭაა. ეს ქართული ბრენდია, რომლის გარეშეც ადგილობრივები ღამეს არ ატარებენ. ეს პრაქტიკულად ცხოვრების წესია ქალაქში. ადგილობრივები მას წყალივით სვამენ, რაც მათ გამძლეობას ამ პროდუქტისადმი საკმაოდ შთამბეჭდავს ხდის – ეს კი მაიძულებს მე გაგაფრთხილოთ: არასდროს სცადოთ აჯობოთ ქართველს სმაში, გპირდებით, ეს კარგად არ დასრულდება“, – წერს ბრენა უილსონი.