„ფორბსის“ ვერსიით, როჯერ ფედერერი წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელია - შვეიცარიელი ბოლო ერთი წელიწადი კორტზე არ გასულა #1TVSPORT
ავტორიტეტულმა ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბსმა“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელების სია გამოაქვეყნა.
ზედიზედ მე-17 წელია რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა. 41 წლის შვეიცარიელი განვლილი 12 თვის განმავლობაში კორტზე არ გასულა და მის მიერ გამომუშავებული 90 მილიონი დოლარი მთლიანად სარეკლამო და სასპონსორო კონტრაქტებზე მოდის.
ზედიზედ მეორე წელია მეორე ადგილი ერგება ნაომი ოსაკას. იაპონელის შემოსავალმა 56.2 მილიონი დოლარი შეადგინა და აქედან ტურნირებიდან მიღებული ჰონორარი მხოლოდ 1.2 მილიონი დოლარია.
ასევე ზედიზედ მეორედ მესამე ადგილი დაიკავა ლეგენდარულმა ამერიკელმა სერენა უილიამსმა – 35.1 მილიონი დოლარი.
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელების ტოპ-ხუთეულში ასევე მოხვდნენ – ესპანელი რაფაელ ნადალი ($31,4 მლნ) და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ($27,1 მლნ).