Footballweek-ის ანალიტიკური წერილი ქართულ ფეხბურთზე – ბოლო წლებში „ჯვაროსნების“ ტრანსფერებში 175 მილიონი დაიხარჯა, საქართველო ევროპისთვის, ურუგვაის მსგავსად, მნიშვნელოვანი ბაზარი ხდება #1TVSPORT
გამოცემა Footballweek-მა გამოაქვეყნა ანალიტიკური წერილი ქართულ ფეხბურთზე, სადაც საქართველოს ურუგვაის ადარებს.
„საქართველო ევროპული კლუბებისთვის საფეხბურთო ტალანტების მსხვილი მიმწოდებელი ხდება. ევროპის ტოპ 5 ლიგებში 13 ქართველი ფეხბურთელია, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დადასტურებული ტრანსფერების ჯამური ღირებულება 175 მილიონ ევროზე მეტია. ნებისმიერი პროფესიონალი სკაუტის და სპორტული დირექტორისთვის გასაგებია, რომ საქართველოში სისტემა მუშაობს, მაგრამ ტალანტების ექსპორტის მოდელი საფეხბურთო ბაზარმა ჯერ სრულად ვერ აღიქვა.
ქართული კლუბები ფეხბურთელებს ევროპის საშუალო დონის ლიგებში უშვებენ, სადაც უკვე ტოპ ლიგებისთვის ემზადებიან. ეს განვითარების მოდელია, რომელიც საქართველოს ბაზარზე დამკვიდრდა. ტალანტების ექსპორტი მოსახლეობის რაოდენობასთან ასევე არაპროპორციულია ურუგვაიშიც, რომლის მოსახლეობა 3.5 მილიონია, რაც თითქმის უტოლდება საქართველოს მოსახლეობას.
საუკუნეზე მეტია, ეს ქვეყანა მისაბაძი მაგალითია. საქართველო მსგავს სახელს ახლა იმკვიდრებს. ევროპული გუნდების მიმწოდებელი ორი აკადემიაა – „დინამო თბილისი“ და თბილისის „იბერია“. ორივე აკადემიაში „ბარსელონას“ გამოცდილებაზე დაფუძნებული მეთოდოლოგია მუშაობს.
გიორგი მიქაუტაძე ასახავს ბერკეტს, რომელიც საქართველომ გაააქტიურა, მაგრამ ეს იზოლირებული შემთხვევაა და არა პროგრამა. საქართველოს ჰყავს დიასპორა, რომელიც განაწილებულია მთელ ევროპაში – საბერძნეთში, გერმანიაში, იტალიასა და ესპანეთში.
ეროვნული ლიგა არის სათბური და არა დანიშნულების ადგილი. ეს ზუსტად იგივე სტრუქტურული პრობლემაა, რაც ურუგვაიში: „ნასიონალი“ და „პენიაროლი“ ზრდიან მოთამაშეებს, რომელთა შესანარჩუნებლად ევროპას ეკონომიკურად კონკურენციას ვერ უწევენ.
საუკეთესოები 17-დან 19 წლამდე ასაკში ქვეყანას ტოვებენ. კლუბი აღზრდის ხარჯებს ფარავს, შემოსავლებს ევროპული ბაზარი ითვისებს, ხოლო ქვეყანა ამ ღირებულების ნაწილს ტრანსფერების საფასურითა და საერთაშორისო რეპუტაციის მეშვეობით იბრუნებს. ფეხბურთელთა ექსპორტი სისტემის პრობლემა არ არის, ეს მისი მოსალოდნელი შედეგია.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველო პერიფერიული ბაზრიდან ისეთ ბაზრად გადაიქცა, სადაც მსხვილი ევროპული კლუბები 17 წლის მოთამაშეებისთვის აქტიურად იბრძვიან. ამას პრაქტიკული შედეგები მოჰყვა: ახალგაზრდა ქართველი მოთამაშეების საფასური გაიზარდა, ზოგჯერ 4-5 წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით ორჯერ ან ოთხჯერ მეტადაც“.