ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით კასპის მუნიციპალიტეტში ქვათახევის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო პროცესი დასრულდა
ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით კასპის მუნიციპალიტეტში ქვათახევის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო პროცესი დასრულდა

ფონდი „ქართუს“ დაფინანსებითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე კასპის მუნიციპალიტეტში დასრულდა ქვათახევის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო პროცესი.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ცნობით, ფიზიკური სამუშაოების შედეგად, რომელიც კომპანია „აბა ჯგუფმა“ შეასრულა, ტაძრის გუმბათის სახურავის გარდა შემოწმდა და რესტავრირდა არსებული სახურავი. სააგენტოს ინფორმაციით, ჟანგსაწინაამღდეგო ხსნარით დამუშავებულ და ანტიკოროზიული საღებავით შეღებილ თუნუქის ლილვებზე დაგებულ ხის კონსტრუქციებზე მოეწყო „იმერული“ კრამიტის ფენილი.

„ეროვნული სააგენტოს ადრე ქრისტიანული და შუასაუკუნეების სექციაზე შეთანხმებული ქვები შეჭრისა და თუნუქის შეფენის მეთოდოლოგიით, სახურავისა და ფასადის შეერთების მონაკვეთებზე სრულად გამოირიცხა ტაძრის ინტერიერში წყლის ჩადინების ალბათობა. არქტიტექტურული ფრაგმენტების განსაზღვრულ ადგილებზე მოეწყო დაფერილი თუნუქის ვერტიკალური და ჰორიზონტალური წყალშემკრები და სადინარი სისტემა, რაც ფასადებს სახურავიდან ნადენ წყლის ნაკადებს აარიდებს. სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით განხორციელებული სამუშაოები სააგენტოს სპეციალისტების მონიტორინგით ქვეშ წარიმართა. ქვათახევის მონასტერი XII-XIII საუკუნეების ძეგლია. XV საუკუნეში მეფე ალექსანდრე დიდმა მონასტერი აღადგინა. 1735-1740 წლებში მონასტერი დაიკეტა. ტაძარში დაცული სიწმნიდეები კი მონასტერთან ახლოს, გამოქვაბულში გადამალეს. XVIII საუკუნის ბოლოს ეკლესია კვლავ მოქმედი გახდა და გადამალული განძიც მონასტერს დაუბრუნდა. გადმოცემის თანახმად ეკლესიის საძირკველში ჩატანებულია ღვთისმშობლის სამოსის პატარა ნაწილი. მონასტრის სხვა უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს წმ. იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილი. ქვათახევი ძველი ქართული მწიგნობრობის ერთ-ერთი კერაც იყო. დღემდე მოღწეულია მონასტრის ბიბლიოთეკის რამდენიმე ხელნაწერი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.