„ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი - საქართველო“ 20-23 სექტემბერს გაიმართება
„საქართველო ტრადიციული მუსიკის შეხვედრის ადგილი“ – ამ სლოგანით ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი წელს მეხუთედ იმართება. ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, „ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი – საქართველო“ 20-23 სექტემბერს ამბროლაურში, სოფელ ქორენიშსა (ლეჩხუმი) და თბილისში ჩატარდება.
„ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით და კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველო ევროპისა და ამერიკის ქვეყნების წარმომადგენლებს უმასპინძლებს. ფესტივალი მოიცავს როგორც საკონცერტო, სამეცნიერო და კულტურულ-შემეცნებით პროგრამას, ასევე ქართული ხალხური სიმღერისა და ლეჩხუმური სამზარეულოს მასტერკლასებს.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ რვა ქვეყნის: საქართველოს, აშშ-ის, კანადის, გერმანიის, საფრანგეთის, უელსის, ლატვიისა და შოტლანდიის ფოლკლორული ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები. ფესტივალში მონაწილე ქართული ანსამბლები (ძირიანი, ლალხორი, მთიები, სათანაო, ნანინა) გამოირჩევიან მუსიკალური მონაცემებით, რეპერტუარის მრავალფეროვნებითა და სირთულით.
ტრადიციული მუსიკის უცხოელი შემსრულებლები წარმოადგენენ იმ ქვეყნებს, რომლებიც გამოირჩევიან მდიდარი ხალხური ტრადიციებითა და კულტურით; ფესტივალზე სტუმრები შეასრულებენ ქართულ ხალხურ სიმღერებსა და თავიანთი ტრადიციული მუსიკის ნიმუშებს. მასპინძლები და სტუმრები ერთობლივი კონცერტით მსმენელის წინაშე რუსთაველის ეროვნულ თეატრში წარსდგებიან.
უცხოელი შესრულებლები არიან „კიტკა“ (აშშ); „ორი შალვა“ (კანადა-საქართველო); „მრავალო“ (გერმანია); „ალილო“ (საფრანგეთი); „სამაია“ (უელსი); „საუსეიასი“ (ლატვია); „მარჯერი ბრეი“ (შოტლანდია) და „ფრანსუაზ დემირი“ (საფრანგეთი)“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.