ფლორიდის შტატის სენატი იარაღის შეძენაზე ზომების გამკაცრების შესახებ იმსჯელებს
ფლორიდის შტატის სენატი იარაღის შეძენაზე ზომების გამკაცრების შესახებ იმსჯელებს

ფლორიდის შტატის სენატი იარაღის შეძენასთან დაკავშირებით ზომების გამკაცრების შესახებ იმსჯელებს. კენჭისყრის საგანი სკოლებში მასწავლებლების გადამზადება და შეიარაღებაც იქნება.

ამასთან, კანონმდებლებმა არ მიიღეს სტუდენტების ნაწილის ინიციატივა, სრულად აკრძალულიყო შტატში იარაღის გაყიდვა.

წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას პარკლენდის სკოლის სახელი – „დუგლასის სკოლის უსაფრთხოების აქტი“ დაერქვა. ფლორიდის შტატის ამ სკოლაში 14 თებერვალს შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

​პარკლენდის სკოლის გადარჩენილი სტუდენტები იარაღის შესახებ კანონის გამკაცრების აქტიური მომხრეები გახდნენ. მათი ნაწილი ითხოვს, სრულად აიკრძალოს იმ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც მსგავსი მასობრივი მკვლელობების დროს იყენებენ. შტატის სენატმა მსგავსი ტიპის აკრძალვის განხილვაზე უარი თქვა.

საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, იარაღის შეძენის მინიმალური ასაკი 21 წლამდე აიწევს. ამ დროისთვის აშშ-ში ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა სრულწლოვნობის მიღწევისთანავე შეიძლება. ასევე აიკრძალება მოწყობილობები, რომლებიც ნახევრად ავტომატური იარაღის გასაძლიერებლად გამოიყენება. ამასთან, ძალაში შევა სამდღიანი მოსაცდელი პერიოდი იარაღის შეძენამდე.