ფლორიდის მცხოვრებს Target-ის მაღაზიებში აფეთქებების მზადებისთვის 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ფლორიდის მცხოვრებ მარკ ჩარლზ ბარნეტს სავაჭრო ქსელ Target-ის მაღაზიებში აფეთქებების მზადებისთვის 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბარნეტმა ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად კომპონენტები შეიძინა, რათა აფეთქებები აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე Target-ის რამდენიმე მაღაზიაში განეხორციელებინა. კერძოდ, ის აფეთქებების მოწყობას ფლორიდის, ვირჯინიისა და ნიუ-იორკის შტატებში გეგმავდა. ამისთვის მან შოკოლადისა და მაკარონის ნაწარმის ყუთების გამოყენებით, სულ მცირე 10 ასაფეთქებელი მოწყობილობა ააწყო.
როგორც სასამართლოს დოკუმენტებიდან ირკვევა, 50 წლის ბარნეტი იმედოვნებდა, რომ აფეთქებების სერიის შემდეგ სავაჭრო ქსელის აქციების ღირებულება მკვეთრად დაეცემოდა და იაფად შეიძენდა.
ბარნეტმა ასაფეთქებელი მოწყობილობების მაღაზიებში განსათავსებლად 10 ათას დოლარად თანამზრახველის დაქირავება სცადა, რომელმაც გეგმის შესახებ პოლიციას შეატყობინა.
მანამდე ბარნეტი სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს. მან ციხე 2013 წელს დატოვა.