ფხენიანში აცხადებენ, რომ აშშ-თან ახალი მოლაპარაკებების გამართვის მიზეზები არ არსებობს
ფხენიანში აცხადებენ, რომ აშშ-თან ახალი მოლაპარაკებების გამართვის მიზეზები არ არსებობს

ჩრდილოეთ კორეა აშშ-თან ახალი მოლაპარაკებების გამართვის მიზეზებს ვერ ხედავს. შესაბამისი განცხადება ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში გააკეთეს.

როგორც ფხენიანში ამბობენ, ვაშინგტონმა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების შესახებ დიალოგი შიდა პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელ ინსტრუმენტად გამოიყენა.

ეს განცხადება ჩრდილოეთ კორეის საგარეო უწყებაში, დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მორიგი შეხვედრის შესახებ გავრცელებული ცნობაზე საპასუხოდ გააკეთეს.

რამდენიმე დღის წინ მსგავსი შეხვედრის გამართვის ინიციატივით სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯე ინი გამოვიდა.

2018 წლის აპრილში ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ ბირთვული და საკონტინენტთაშორისო რაკეტების ცდების შეჩერების შესახებ განაცხადა. კიმ ჩენ ინისა და დონალდ ტრამპის პირველ შეხვედრაზე, რომელიც 2018 წელს სინგაპურში შედგა ხელი მოაწერეს ერთობლივ დოკუმენტს, რომელიც ფხენიანს ბირთვულ განიარაღებას ავალდებულებს, თუმცა კონკრეტული გეგმა დოკუმენტში გაწერილი არ ყოფილა.

2018 წლის სექტემბერში გამართულ სამიტზე ფხენიანმა პირობა დადო, რომ სოხეს საცდელ პოლოგონს დახურავს. ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მეორე შეხვედრა 2019 წლის თებერვალში უშედეგოდ დასრულდა.

ამის შემდეგ ჩრდილოეთ კორეის სააგენტოებმა რამდენჯერმე გაავრცელეს ცნობა ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ. გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ფხენიანს ასეთი ცდების ჩატარებას უკრძალავს.

ბოლო თვეებში ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად დაიძაბა. ივნისში ფხენიანმა საზღვარზე მდებარე ორ კორეას შორის კავშირის შენარჩუნების მიზნით გახსნილი ოფისი ააფეთქა და დემილიტარიზებულ ზონაში სამხედროების შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

დატოვე კომენტარი