„ფინიქსმა“ ენტონი დევისი ვერ გააჩერა - „ლეიკერსის“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „სანსთან“ [ვიდეო] #1TVSPORT
11:42, 10.05.2021
ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი დასასრულს უახლოვდება. მოქმედმა ჩემპიონმა „ლეიკერსმა“ ლებრონ ჯეიმსის გარეშე სატურნირო ცხრილის ერთ-ერთ ლიდერს – „ფინიქსს“ უმასპინძლა და მეტოქეს უშანსოდ, 123:110 სძლია.
ფენომენური შეხვედრა ჩაატარა ენტონი დევისმა, რომელმაც ლებრონ ჯეიმსის არყოფნაში ლიდერობა საკუთარ თავზე აიღო. დევისმა არასრულ 41 წუთში 42 ქულა, 12 მოხსნა, 5 გადაცემა, 3 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა. 17-17 ქულა დააგროვეს ალექს კარუზომ და კენტავიუსკალდველპოუპმა.
სტუმართა შორის 24 ქულით კამერონ პეინი გამოირჩა. 21 ქულით დაასრულა მატჩი დევინბუკერმა. 13 ქულითა და 10 გადაცემით ორმაგი დუბლი შეასრულა კრის პოლმა.
„ფინიქსი“ 48 მოგებითა და 20 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა. ის ლიდერ „იუტას“ 2 მოგებით ჩამორჩება. „ლეიკერსს“ 38 მოგება და 30 მარცხი აქვს და ჯერჯერობით მე-7 პოზიციაზე იმყოფება. ლოს ანჯელესელები „პორტლენდს“ 1 მოგებით ჩამორჩებიან, „დალასს“ კი 2 მოგებით. შეგახსენებთ, რომ ნბა-ის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 ადგილებზე გასული გუნდები პლეიოფის 2 საგზურისთვის იბრძოლებენ.