ფინეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე უძრავი ქონების გასხვისება შეიზღუდება
ფინეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე უძრავი ქონების გასხვისება შეიზღუდება. შესაბამისი კანონი ძალაში 2020 წლიდან შევა. ახალი რეგულაციების შესახებ განცხადება ფინეთის თავდაცვის სამინისტროში გააკეთეს.
ახალი კანონით, ევროკავშირის არაწევრ ქვეყნების მოქალაქეებზე უძრავი ქონების და მიწის ნაკვეთების გასხვისება შეიზღუდება. როგორც თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისა და ევროპის ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეშე მცხოვრებ ადამიანებს, ფინეთში სახლებისა და მიწის შესაძენად სპეციალური ნებართვის მიღება დასჭირდებათ.
„ეს კანონი არ არის მიმართული უძრავი ქონებისა ან მიწის ნაკვეთების გასხვისების პროცესის შენელებისკენ, თუმცა ახალი რეგულაცია მისცემს საშუალებას სახელმწიფოს ჩაერიოს ასეთ გარიგებაში თუ საფრთხე დაემუქრება ეროვნულ უსაფრთხოებას“, – განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.
უძრავი ქონებისა და მიწის შესყიდვაზე ნებართვას თავდაცვის სამინისტრო გასცემს. შესყიდვის ნებართვის მისაღებად მყიდველმა თავდაცვის უწყებას ორი თვით ადრე უნდა მიმართოს. განაცხადის შევსება ინტერნეტით იქნება შესაძლებელი.
შესაბამისი კანონი ფინეთის პარლამენტმა თებერვალში დაამტკიცა. ახალი კანონით სტრატეგიულ ობიექტებთან ახლოს მდებარე უძრავი ქონებისა ან მიწის ნაკვეთის შეძენისას პრიორიტეტი ფინეთის სახელმწიფოს მიენიჭება.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ფინეთის ხელისუფლება შეშფოთებულია, რომ ფინეთში უძრავ ქონებას უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათ შორის რუსები ყიდულობენ.