ფინეთის საზღვაო ძალების მთავარსარდალი ტუომას ტიილიკაინენი აცხადებს, რომ ბალტიის ზღვაზე ვითარება დაძაბულია, თუმცა სტაბილური
ფინეთის საზღვაო ძალების მთავარსარდალმა, ტუომას ტიილიკაინენმა განაცხადა, რომ ბალტიის ზღვაზე ვითარება დაძაბულია, თუმცა სტაბილური.
მისი თქმით, რუსეთმა ამ რეგიონში თავისი შესაძლებლობების ზღვარს, სავარაუდოდ, უკვე მიაღწია.
ტიილიკაინენმა აღნიშნა, რომ რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ სანქცირებული გემები ცდილობენ, დააზიანონ ან თვალყური ადევნონ წყალქვეშა კაბელებს, ელექტროგადამცემ ხაზებსა და სხვა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას.
„ისინი ადევნებენ თვალს, რას ვაკეთებთ ჩვენ და რას აკეთებს ნატო. ჩვენც, რა თქმა უნდა, ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალი, რას აკეთებენ ისინი“, – აღნიშნავს ფინეთის საზღვაო ძალების მთავარსარდალი.
კონტრადმირალმა სტაბილურობის ორი შესაძლო მიზეზი დაასახელა.
„რუსები ხედავენ, რომ ამ რეგიონში თავიანთი ყოფნისა და საბრძოლო მზადყოფნის გაზრდა სასწრაფოდ აუცილებელი არ არის. შესაძლოა, ისიც, რომ მშვიდობიან დროს მათი შესაძლებლობები ბალტიის ზღვაზე, როგორც ყოველთვის, ამოწურულია“, – აღნიშნა ტიილიკაინენმა.