ფინეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ თურქეთი ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირებას მალე მოახდენს
ფინეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ თურქეთი ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირებას მალე მოახდენს

ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო იმედოვნებს, რომ თურქეთი ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირებას მოახდენს. ამის შესახებ საული ნიინისტომ ვილნიუსში ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, ფინეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ანკარა ამას მალე გააკეთებს.

„ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ბოლოს თურქეთი მოახდენს ჩვენი წევრობის რატიფიცირებას. ვიმედოვნებ, ეს რაც შეიძლება მალე მოხდება“, – განაცხადა საული ნიინისტომ.

ფინეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება მთელი ალიანსისთვის სასარგებლო იქნება.

„ძალიან მნიშვნელოვანია შვედეთთან გვერდიგვერდ სვლა. შვედეთის წევრობა ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა საული ნიინისტომ.

ამჟამად, თურქეთში ვიზიტით იმყოფება ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომელსაც რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი. ამასთან, 8 ნოემბერს ანკარაში ჩავა შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი.

ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება ამ დროისთვის მხოლოდ ორ ქვეყანას, უნგრეთსა და თურქეთს არ მოუხდენია. შვედეთმა და ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი მაისში, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის საპასუხოდ შეიტანეს, თუმცა თურქეთი სკანდინავიური ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებოდა იმ მოტივით, რომ ისინი ანკარის მიერ ტერორისტებად მიჩნეულ პირებს მფარველობენ. თურქეთს და ორ სკანდინავიურ ქვეყანას შორის სამმხრივი შეთანხმება მადრიდის სამიტზე შედგა, თუმცა ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთის პარლამენტი ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადების რატიფიცირებას მხარს არ დაუჭერს, თუ ეს ქვეყნები ანკარას არ გადასცემენ იმ პირებს, რომელთა ექსტრადირებასაც თურქეთის ხელისუფლება ითხოვს.