ფინეთის პრემიერი - ფინეთი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მისაცემად მზად არ არის, თუმცა მზადაა, მონაწილეობა მიიღოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების ორგანიზებაში
ფინეთის პრემიერი - ფინეთი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მისაცემად მზად არ არის, თუმცა მზადაა, მონაწილეობა მიიღოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების ორგანიზებაში

ფინეთი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მისაცემად მზად არ არის, თუმცა მზადაა, მონაწილეობა მიიღოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების ორგანიზებაში, – ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ შვედეთის პრემიერ-მინისტრთან, ულფ კრისტერსონთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ორპოს თქმით, რეალური უსაფრთხოების გარანტიები დიდი ევროპული ქვეყნებისა და შეერთებული შტატების მხრიდან უნდა მოდიოდეს.

„უსაფრთხოების გარანტიები საკმაოდ სერიოზული საკითხია. ჩვენ მზად არ ვართ უსაფრთხოების გარანტიების მისაცემად, მაგრამ შეგვიძლია, დავეხმაროთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების ორგანიზებაში“, – აღნიშნა ორპომ.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა ფინეთს საკუთარი სამხედრო კონტინგენტის უკრაინაში გაგზავნა, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ ჰელსინკის არ სურს, რუსეთთან შეჯახების რისკის ქვეშ დადგეს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაში ფინეთი მოხსენიებულია, როგორც ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიებს. ორპომ განაცხადა, რომ არ იცის, რატომ იყო ფინეთი მითითებული ამ დოკუმენტში.