ფინეთის ფეხბურთის ფედერაცია - უეფა-მ ჩვენი პროტესტი დააკმაყოფილა და საქართველოს ფუტსალის ნაკრებს ორივე შეხვედრაში 0:5 წაგება ჩაეთვალა #1TVSPORT
ფინეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც, ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრებს ფინეთთან შეხვედრებში, ნატურალიზირებულ მოთამაშეთა სიმრავლის გამო, წაგება 0:5 ჩაუთვალეს.
„უეფა-მ მიიღო ფინეთის ფეხბურთის ასოციაციის პროტესტი. საქართველოს ფუტსალის ვაჟთა ნაკრებმა ფინეთის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები ზედმეტი ნატურალიზებული მოთამაშით ჩაატარა.
ნაკრებმა საქართველოს წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები 7 და 11 ოქტომბერს ითამაშა. თბილისში გამართულ შეხვედრაში ფინეთი 2:5 დამარცხდა. ქალაქ ტურკუში საშინაო თამაში კი ფრედ, 3:3 დასრულდა.
მატჩების შემდეგ ფინეთის ფეხბურთის ფედერაციამ უეფა-ში სარჩელი შეიტანა საქართველოს ნაკრების იმ ფეხბურთელებთან დაკავშირებით, რომლებსაც თამაშის უფლება არ ჰქონდათ. ფინეთმა ასევე გააპროტესტა სომხეთის ნაკრებში უცხოელთა გადამეტებული რაოდენობა.
უეფა-მ ფინეთის სასარგებლოდ საქართველოსთან მატჩებზე გადაწყვეტილებებიც გამოაქვეყნა. ორივე შეხვედრაში მოგება ფინეთს ჩაეთვალა ანგარიშით 5:0. გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად ცვლის სატურნირი მდგომარეობას. უეფა-მ ასევე მიიღო პორტუგალიის ფედერაციის პროტესტი სომხეთის გუნდთან მატჩების თაობაზე და სომხეთის ნაკრებიც დააჯარიმა.
ამ გადაწყვეტილებით ფინეთი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მეორე ადგილზე გადავიდა. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირდაპირ ელიტრაუნდის ხუთი ჯგუფის გამარჯვებულები გადიან. ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი გუნდი კი 2024 წლის აპრილში მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფში ორ შეხვედრას ითამაშებს და მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ ორი საგზურის მფლობელს გაარკვევს. ფინალური ეტაპი უზბეკეთში 2024 წლის შემოდგომაზე გაიმართება“, – წერია ფინეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ცნობაში.