ფინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი - ევროკავშირის გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი უნდა იყოს, მოხარული ვარ პროგრესით, რასაც საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ მიაღწიეს
ფინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი - ევროკავშირის გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი უნდა იყოს, მოხარული ვარ პროგრესით, რასაც საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ მიაღწიეს

ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს, იყო ევროკავშირსა და რუსეთს შორის, ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ეს მოლდოვისთვის, საქართველოსა და უკრაინისთვის, – ამის შესახებ ფინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ანდერს ადლერკროიცმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი გაგრძელებს ამ რეგიონში დესტაბილიზაციას, რაც ერთ-ერთი მიზეზია, რატომ არის ევროკავშირის გაფართოება მნიშვნელოვანი საკითხი.

„უკრაინაში ომი, თითქმის ორი წელია, გრძელდება. ვფიქრობ, ჩვენ გვქონდა ბევრი დრო სიტუაციის სიმძიმის, იმ საფრთხის გასაგებად, რომელსაც ეს ომი წარმოადგენს ევროკავშირისთვის. უმნიშვნელოვანესია, ყველა ევროპულმა ქვეყანამ გააცნობიეროს, რომ ჩვენ მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ, რათა უკრაინას ომში გამარჯვებაში დავეხმაროთ და გავაცნობიეროთ, რომ ევროკავშირის გაფართოება ასევე არის უსაფრთხოების საკითხი. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს, იყო ევროკავშირსა და რუსეთს შორის, ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ეს მოლდოვისთვის, საქართველოსა და უკრაინისთვის. რუსეთი გაგრძელებს ამ ქვეყნებზე ზეწოლას, გააგრძელებს ამ რეგიონში, ასევე დასავლეთ ბალკანეთში დესტაბილიზაციას. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც არის გაფართოება მნიშვნელოვანი საკითხი“, – განაცხადა ანდერს ადლერკროიცმა.

ფინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრს ქართველმა ჟურნალისტმა მიმართა: „როგორც მესმის, თქვენი ქვეყანა მხარს დაუჭერს ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთან, მოლდოვასა და უკაინასთან დაკავშირებით“, რაზეც ანდერს ადლერკროიცმა აღნიშნა:

„ზოგადად, ფინეთი მხარს უჭერს გაფართოების პროცესს და ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ეს უნდა იყოს დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. მოხარული ვარ იმ პროგრესით, რომელსაც ამ რამდენიმე ქვეყანამ მიაღწია, განსაკუთრებით უკრაინამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ძალიან რთულ სიტუაციაში, ასევე, მოლდოვამ. ჩვენს პოზიციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნება მიღებული, თუმცა ზოგადი გზავნილი, რომელიც მინდა, გადმოვცე, არის ის, რომ ჩვენ პოზიტიურად ვართ განწყობილი ამ პროცესის მიმართ და გაფართოება მნიშვნელოვან საკითხად მიგვაჩნია. თითოეული ქვეყანა ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ ნაბიჯებთან დაკავშირებით რაც უფრო მეტ პროგრესს მიაღწევს, მით უფრო სწრაფად მიაღწევენ ევროკავშირის წევრობას“, – განაცხადა ანდერს ადლერკროიცმა.