ფინეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრებას აპირებს. ამის შესახებ განცხადება ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ ფინეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამზადებს შესაბამის წინადადებას, რომელსაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები აგვისტოს ბოლოს განიხილავენ.
ჰაავისტოს განცხადებით, ფინეთი აპირებს, გაამკაცროს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის, თუმცა ეს ზომები სინქრონიზებული უნდა იყოს შენგენის ზონის წევრ სხვა ქვეყნებთან.
ფინეთის პოლიტიკური პარტიების უმეტესობა მხარს უჭერს ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებას. ფინეთი ასევე აპირებს, მოუწოდოს ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებს, ასევე გაამკაცრონ სავიზო პოლიტიკა რუსეთის მოქალაქეების მისამართით.
ფინეთმა უკვე შემოიღო გარკვეული შეზღუდვები რუსეთის მოქალაქეებისთვის მრავალჯერადი ვიზების გაცემაზე და დღეში მხოლოდ 1 000 აპლიკაციას განიხილავს.
ამასთან, რუსეთში განაცხადეს, რომ თუ ფინეთი ტურისტული ვიზების გაცემას გაამკაცრებს, მაშინ მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს.
ფინეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი რუსეთის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის გამკაცრების მომხრეა.