ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებაში გიორგი შარაშიძის გამოკითხვა 29 დეკემბერს გაგრძელდება
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებაში გიორგი შარაშიძის გამოკითხვა 29 დეკემბერს გაგრძელდება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებაში ბიზნესმენ გიორგი შარაშიძის გამოკითხვა ხუთი საათი გაგრძელდა. გამომძიებლები დაინტერესდნენ ლილოს იმ ტერიტორიით, რომელიც სახელმწიფოსგან კომპანია „კონსტრაქტ ვიჟენმა“ 2016 წელს შეიძინა, თუმცა ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო კვლავ სახელმწიფოს დაუბრუნა.

კონკრეტულად გამოძიების კითხვები აღნიშნულ ტერიტორიაზე კომპანიის მიერ შესყიდვამდე არსებულ 4 შენობა-ნაგებობას ეხებოდა, რომლითაც სავარაუდოდ შარაშიძემ ფინანსურად ისარგებლა.

თავად შარაშიძის განმარტებით, შენობები თავიდანვე დანგრეული იყო და სახელმწიფოს უცვლელი სახით ექვსი თვის წინ გადააბარა. ექვსი თვის შემდეგ გამოძიების აღნიშნული საკითხით დაინტერესებას ბიზნესმენი რამდენიმე დღის წინ კარტელურ გარიგებებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას უკავშირებს.

„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ეს საქმე აღიძრა ერთადერთი მიზეზით – ჩვენ გავაკეთეთ განცხადება და დავა შევიტანეთ სასამართლოში და კონკურენციის სააგენტოშიც კარტერის წინააღმდეგ. მხოლოდ და მხოლოდ ეს არის რეალური მიზეზი ამ საქმის აღძვრისა და თუ ვისაუბრებთ კონკრეტულად ამ საქმეზე, ამ შენობა-ნაგებობედიდან თითქოს რაღაც ნანგრევების და აგურების გატანაზე, მარტივად შეიძლება ამ საქმის გამოძიება ვიდეოჩანაწერების ამოღებით და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, თუ ამის ინტერესი ვინმეს აქვს. დროს თუ დავუკვირდებით, 6 თვის წინ გადავაბარეთ ჩვენ შენობა, მივეცით გარანტია და ეკონომიკის სამინისტროს არ ჰქონდა არც ერთი შენიშვნა.

დღეს 6 თვის თავზე აღმოჩნდა, რომ შენობები გაქრა სადღაც და როგორ გაქრა და ვინ სად წაიღო ჯერ არ გამოუძიებიათ. ეს პირველ რიგში მეტყველებს მათ ასე ვთქვათ უმოქმედობაზე იმიტომ, რომ არ შეიძლება ქრებოდეს ქვეყანაში შენობები, მეორეს მხრივ ეს ემთხვევა იმ კარტერს, რა კარტელზეც ვსაუბრობთ და რაზეც დავიწყეთ ეს ბრძოლა. ჩვენ ველოდებოდით რომ მსგავსი გართულებები მოყვებოდა ამ ყველაფერს. არც ერთი აგური იქიდან არ იქნა გამოტანილი და თუ იქნება რეალური სურვილი იმისა, რომ ეს საქმე იყოს გამოძიებული, ქვეყნის მასშტაბით არის უამრავი სათვალთვალო კამერა და ამას უმალვე ამოიღებდნენ, იმიტომ რომ უნდა ემუშავა მძიმე ტექნიკას, ტრაქტორებს და ა.შ. ამის ჩუმად გაკეთება იყო შეუძლებელი. შენობა არც ერთი არ იყო სრული, ყველა იყო ნანგრევი”, – განაცხადა შარაშიძემ.

შეგახსენებთ, „კონსტრაქტ ვიჟენმა” ლილოს ტერიტორია ერთი წლის წინ გარკვეული სახის ინვესტიციების განხორციელების პირობით შეისყიდა. ვალდებულების შეუსრულებლობას შარაშიძე მის კომპანიის გაკოტრებით ხსნის.

შარაშიძე საგამოძიებო უწყებაში ორ ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა. მისი გამოკითხვა 29 დეკემბერს გაგრძელდება. გამოძიება მთავრობის დადგენილებით, „კონტრაქტ ვიჟენისთვის“ 2016 წლის ივლისში გადაცემული ქონებით დაინტერესდა.