ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებაში ბიზნესმენ გიორგი შარაშიძის გამოკითხვა დასრულდა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებაში ბიზნესმენ გიორგი შარაშიძის გამოკითხვა დასრულდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებაში ბიზნესმენ გიორგი შარაშიძის გამოკითხვა დასრულდა. გამომძიებლები დაინტერესდნენ ლილოს იმ ტერიტორიით, რომელიც სახელმწიფოსგან კომპანია „კონსტრაქტ ვიჟენმა“ 2016 წელს შეიძინა, თუმცა ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო კვლავ სახელმწიფოს დაუბრუნა.

კონკრეტულად გამოძიების კითხვები აღნიშნულ ტერიტორიაზე კომპანიის მიერ შესყიდვამდე არსებულ 4 შენობა-ნაგებობას ეხებოდა, რომლითაც სავარაუდოდ შარაშიძემ ფინანსურად ისარგებლა.

როგორც გიორგი შარაშიძემ დაკითხვის შემდეგ განაცხადა, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მის წინააღმდეგ ბრალდებები უსაფუძვლოა. მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რათა საზოგადოებამ გაიგოს, სად გაქრა აღნიშნული შენობები.

„ჩვენ მოვითხოვეთ და დაკითხვის ოქმის ბოლოში ჩავწერეთ, რომ თუ იქნება სურვილი და წესით ეს სურვილი უნდა იყოს, ამოიღონ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რათა დადგინდეს, ზუსტად ვინ, როდის და რა მიზნით წაიღო და დაშალა ქონება, იმიტომ რომ მძიმე ტექნიკის ნამუშევარია და ეს არ შეიძლება იყოს ჩუმად და შეუმჩნევლად გაკეთებული“, – განაცხადა შარაშიძემ.

​მისი თქმით, შენობების სრული დემონტაჟის უფლება ჰქონდათ, ვინაიდან იქ ახალი ნაგებობა უნდა აეშენებინათ.

„ეს იყო დამტკიცებული პროექტი, თუმცა რადგან ვერ შევძელით ამ ყველაფრის გაკეთება, იმის გამო, რომ „კონსტრაქტ ვიჟენი“ საქართველოში „სიტროენის“ წარმომადგენელია, აქედან გამომდინარე მიადგა მას ის ზარალი, რაც მიადგა, ვეღარ შევძელით ამ პროექტის განხორციელება და ზუსტად ამიტომ ვეღარ ავაშენეთ ახალი ქარხანა, თორემ წესით ჩვენ უნდა განგვეხორციელებინა დემონტაჟი და ეს იყო ერთ-ერთი პირობა, თუმცა ჩვენ ეს არ გავაკეთეთ.

ეკონომიკის სამინისტრო ბევრ აბსურდულ, მცდარ და არეულ განცხადებას გააკეთებს უახლოეს დღეებში, იმიტომ რომ არიან უმძიმეს მდგომარეობაში და აქედან გამოსვლა მათ ძალიან გაუჭირდებათ. როცა სახელმწიფო იყენებს კონკრეტულ ინსტიტუციას თავის ინსტრუმენტად, ყოველთვის ასეთ დღეში აღმოჩნდებიან. ჩვენ ვიცით, როგორ მუშაობენ შესაბამისი ორგანოები, როცა არსებობს ინტერესი და არაერთხელ დაფიქსირებულა, რომ მუშაობენ არასწორად და მერე უტრიალდებათ უკან როგორც ახლა მოუტრიალდა ფინანსთა სამინისტროს და არიან ცოტა დაბნეულები.

დღეს განმიმარტეს, რომ ქონებას ვფლობდით 11 ივლისამდე, თუმცა ჩვენ ვიცოდით 8 ივლისამდე და დემონტაჟის სამუშაოები იქ მოხდა 11 ივლისის მერე“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ბიზნესმენი გიორგი შარაშიძე გამოკითხვაზე გუშინაც იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, „კონსტრაქტ ვიჟენმა” ლილოს ტერიტორია ერთი წლის წინ გარკვეული სახის ინვესტიციების განხორციელების პირობით შეისყიდა. ვალდებულების შეუსრულებლობას შარაშიძე მისი კომპანიის გაკოტრებით ხსნის.