ფინანსთა სამინისტრო - მსოფლიო ბანკი მზად არის, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების პროცესში
ფინანსთა სამინისტრო - მსოფლიო ბანკი მზად არის, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების პროცესში

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი დღეს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანა ბიერდეს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ ეს ურთიერთობა ნაყოფიერად ვითარდება, მიუხედავად გლობალური პანდემიიდან გამომდინარე არსებული გამოწვევებისა.

„ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ​„კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიო ბანკის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი დახმარების გამო. ასევე, იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მსოფლიო ბანკი უწევს ქვეყანას რეფორმების განხორციელების პროცესში.

ლაშა ხუციშვილმა ანა ბიერდეს გააცნო ეკონომიკური აღდგენის პოზიტიური დინამიკა და 2022 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები.

თავის მხრივ, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დაადასტურა მსოფლიო ბანკის მზადყოფნა, გააგრძელოს სრული მხარდაჭერა იმ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების პროცესში, რომელიც უკავშირდება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ადამიანური კაპიტალის განვითარება და ფორმირება, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, მწვანე და ციფრული ეკონომიკური აღდგენა“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დასასრულ, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველო წარმატებით გაართმევს თავს „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყნის განვითარებას.