ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, „მთავარი არხის“ გაყიდვების სახლში კამერალური საგადასახადო შემოწმება დასრულდა
„მთავარი არხის“ გაყიდვების სახლში კამერალური საგადასახადო შემოწმება დასრულდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ ერთ-ერთ სარეკლამო სააგენტოში დასრულებულ საგადასახადო შემოწმებას ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ფეისბუქპოსტით გამოეხმაურა. მისი თქმით, როგორც თავიდანვე ითქვა, შემოწმება დასრულდა გადასახადის გადამხდელისთვის ყოველგვარი ზედმეტი დისკომფორტის გარეშე.
„ეს ამბავი გემახსოვრებათ. გამოვლენილი რისკების შესაბამისად, მოთხოვნილი იქნა კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც სრულად წარმოდგენილი იყო გადამხდელის მიერ, რამაც გააქარწყლა ის კონკრეტული რისკის კრიტერიუმი და შესაბამისად ამით დასრულდა შემოწმება. რაც შეეხება პროცესს – „ისევე, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ეს შემოწმებაც დაიწყო და დასრულდა გადასახადის გადამხდელისთვის ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე“.
ასეთი თემით სპეკულირების, პოლიტიკური ქულების დაწერის და საგადასახადო ადმინისტრირების პოლიტიკურ ჭრილში გადატანის არც პირველი და ალბათ არც ბოლო შემთხვევა იქნება ეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, სერვისების გაუმჯობესება აუცილებლად გაგრძელდება“, – წერს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სოციალურ ქსელში.
27 ივლისს, „მთავარი არხის“ მენეჯმენტის მხრიდან გავრცელებულ განცხადებაში ტელეკომპანიის გაყიდვების ოფისში შემოსავლების სამსახურის შესვლა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლად შეფასდა.