ფილიპინებში მიწისძვრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, ცხრა ადამიანი დაიღუპა [ვიდეო]
ფილიპინებში მიწისძვრის შედეგად გამოწვეულ ნგრევას, ბოლო მონაცემებით, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. მიწისქვეშა ბიძგები მთავარ კუნძულ ლუსონზე იგრძნობოდა.
ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტის მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 6,1 მაგნიტუდას შეადგენდა. ეპიცენტრი კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ზამბალეს პროვინციაში, 12 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
სტიქიამ დააზიანა ქვეყნის დედაქალაქ მანილას საერთაშორისო აეროპორტი. ტრანსპორტისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებით, აეროპორტი 24 საათით დაიხურება.
პორაქის დასახლებაში სულ მცირე ორი შენობა ჩამოინგრა. გარდაცვლილთა შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან. მიწისძვრის გამო, რამდენიმე დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ იღვრება ტონობით წყალი მანილაში ერთ-ერთი ცათამბჯენის სახურავზე განთავსებული აუზიდან. შენობის სიმაღლე 181 მეტრია.