ფილიპ რიკერი - 19 აპრილის შეთანხმება არის მნიშვნელოვანი, მოვუწოდებთ ყველა პარტიას თანამშრომლობისკენ და კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით მოქმედებისკენ
ფილიპ რიკერი - 19 აპრილის შეთანხმება არის მნიშვნელოვანი, მოვუწოდებთ ყველა პარტიას თანამშრომლობისკენ და კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით მოქმედებისკენ

მნიშვნელოვანია, შემცირდეს პოლარიზაციის დონე საქართველოში. ამაზე უნდა იმუშაონ პარტიებმა, რადგან ეს არის მნიშვნელოვანი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა, ფილიპ რიკერმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ფილიპ რიკერმა აღნიშნა, აშშ მიესალმება 19 აპრილის შეთანხმებას და მის განხორციელებაზე ყოველთვის გამახვილდება ყურადღება.

„მე რეგულარულად ვიღებ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს საელჩოდან. მოხარული ვართ, რომ ამ პროცესში ვითამაშეთ როლი, როდესაც საქმე ეხებოდა ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მოლაპარაკებების წარმოებას, რაც შემდეგ დასრულდა პოლიტიკური ჩიხის გადაჭრით და ახალი გზის პოვნით. ახლა, ამ ეტაპზე, საქართველოს ჰყავს უკვე მრავალპარტიული პარლამენტი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამ პარტიამ პარლამენტში იმუშაოს კონსტრუქციულად და გააკეთონ საქმე, რა მოთხოვნასაც უყენებენ მათ თავიანთი ამომრჩევლები. აპრილის შეთანხმება არის მნიშვნელოვანი, მოვუწოდებთ ყველა პარტიას თანამშრომლობისკენ და კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით მოქმედებისკენ. ძალიან მნიშვნელოვანია, შემცირდეს პოლარიზაციის დონე საქართველოში და ამაზე უნდა იმუშაონ პარტიებმა, რადგან ეს არის მნიშვნელოვანი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. რაც შეეხება 19 აპრილის შეთანხმების შესრულებას, აქ არის სამი ძირითადი კომპონენტი, რაზეც ვსაუბრობთ. პირველი, ეს გახლავთ ამნისტიის შესახებ კანონი, რომელიც პრობლემურია, თუმცა ეს საკითხი უნდა გადაწყდეს, მოხდეს ამნისტიის კანონის მიღება და შემდეგ განხორციელება. მომდევნო საკითხები, მოგეხსენებათ, ეს არის საარჩევნო და სასამართლო რეფორმები“, – განაცხადა რიკერმა.