ფილადელფიის მერი - დონალდ ტრამპმა უნდა გააცნობიეროს, რომ დამარცხდა
ფილადელფიის მერი - დონალდ ტრამპმა უნდა გააცნობიეროს, რომ დამარცხდა

პენსილვანიის შტატის ქალაქ ფილადელფიის „დემოკრატი“ მერი ჯიმ კენი აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ურჩევს, დამარცხება აღიაროს. ამის შესახებ განცხადება ჯიმ კენიმ იმ დროს გააკეთა, როდესაც პენსილვანიაში საარჩევნო ბიულეტენების დათვლა ჯერ არ დასრულებულა. დასათვლელია სულ მცირე 40 000 ამომრჩევლის ხმა.

„პრეზიდენტი უნდა გაიზარდოს და გააცნობიეროს, რომ დამარცხდა. მან უნდა მიულოცოს გამარჯვებულს და ქვეყნა წავიდეს წინ. ხმების დათვლა გაგრძელდება. ამასთან, ბევრმა და მათ შორის პრეზიდენტმაც უსაფუძვლოდ განაცხადა თაღლითობის შესახებ, რისი დამამტკიცებელი საბუთები არ არსებობს. ფილადელფიაში დემოკრატია მუშაობს, სისტემა მუშაობს და ხალხმა სათქმელი თქვა“, – განაცხადა ფილადელფიის მერმა.

აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული ვინაობა კვლავ უცნობი რჩება. ამჟამად ლიდერობს ჯო ბაიდენი, თუმცა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამარჯვების შანსს ინარჩუნებს.

პენსილვანია ერთ-ერთია იმ შტატებს შორის, სადაც ბიულეტენების დათვლის პროცესი გრძელდება. ამასთან, „რესპუბლიკლებმა“ უკვე მიმართეს უზენაეს სასამართლოს და ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების ნაწილის გაუქმება მოითხოვეს.