ფილ ნევილი „ინტერ მაიამის“ მთავარი მწვრთნელი ხდება
ფილ ნევილი „ინტერ მაიამის“ მთავარი მწვრთნელი ხდება

43 წლის ფილ ნევილმა ვადაზე ადრე დატოვა ინგლისის ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი, – დაწერა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა.

ნევილი ამ გუნდს 2018 წლის იანვრიდან ავარჯიშებდა და ელოდნენ, რომ ის ნაკრებში კონტრაქტის ბოლომდე, კერძოდ, 2022 წლის ზაფხულამდე დარჩებოდა.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელი უახლოეს დღეებში „ინტერ მაიამის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნება. ამ გუნდმა, რომლის ერთ-ერთი თანამფლობელია ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი, შარშან MLS-ის რეგულარულ ჩემპიონატის აღმოსავლეთ კონფერენციაში მეათე ადგილი დაიკავა.

ეს იქნება ნევილის მამაკაცთა გუნდში მთავარ მწვრთნელად მუშაობის პირველი გამოცდილება. ადრე ის „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ვალენსიას“ სამწვრთნელო შტაბში შედიოდა.