ევრო 2020-ზე ბევრი ვარსკვლავი თამაშობს და შესაძლოა, ბევრი ახალიც გამოჩნდეს. არიან ისეთებიც, რომლებმაც მიუხედავად ასაკისა, ვარსკვლავად ჩამოყალიბება უკვე მოახერხეს. ასეთები მრავლად არიან ინგლისის ნაკრებში, თუმცა, მათ შორისაც არის გამორჩეული – ფილ ფოდენი – ბიჭი, რომელმაც საფეხბურთო სამყარო ჯერ კიდევ 16 წლისამ აალაპარაკა და მასზე გაცემულ ავანსებს მუდმივად ამართლებს.
„მანჩესეტერ სიტის“ ნახევარმცველმა 21 წლის ასაკში უკვე ბევრი რამის გაკეთება მოასწრო. მისი მხოლოდ საკლუბო მიღწევების ჩამოთვლაც საკმარისია: პრემიერლიგის სამგზის ჩემპიონი, ინგლისის ლიგის თასის ოთხგზის და სუპერთასის ორგზის გამარჯვებული, ინგლისის თასის მფლობელი და ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი – თუმცა, გულშემატკივართა დიდმა ნაწილმა ეს სტატისტიკა კარგად იცის.
ვეცდებით, მის შესახებ ისეთი ფაქტები გაგაცნოთ, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ. ფოდენი „მანჩესტერ სიტის“ აკადემიაში დაწყებითი კლასებიდან მოხვდა, თუმცა დადგა მომენტი, როცა მშობლები არჩევანის წინაშე აღმოჩნდნენ და უპირატესობა ფილის განათლებას მიანიჭეს – შედეგად, მისი აკადემიიდან გამოყვანა გადაწყდა. გამოსავალი კლუბმა იპოვა. ოჯახთან მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდა, რომ „პატარა ზვიგენი“ – როგორც მას გუნდში ეძახდნენ, აკადემიაში დარჩა და კლუბის მიერ დაქირავებული მასწავლებლები ადგილზე ამზადებდნენ.
2012 წელს კუნ აგუერომ „ქუინზ პარკ რეინჯერსს“ შეხვედრის ბოლო წამზე გამარჯვების გოლი გაუტანა და ქალაქელებს ნანატრი ჩემპიონობა მოაპოვებინა. იმ მატჩის დროს 11 წლის ფილი ბურთის მიმწოდებელი იყო და წლების შემდეგ ამ ფაქტს ასე იხსენებს: „ზუსტად კარის ბადის უკან ვიდექი, აგუერომ რომ გაიტანა, შემდეგ კი ყველამ ერთად აღვნიშნეთ. იმ საღამოს მეც მათთან ერთად ვიყავი, როგორც ბევრი სხვა ადამიანი. ეს ჩემი მთავარი დასამახსოვრებელი მომენტი იყო „სიტის“ გულშემატკივრობის პერიოდში. სიგიჟეა, როცა ვფიქრობ, რომ დღეს იმავე ფეხბურთელების გვერდით ვთამაშობ“.
2016 წელს „სიტიში“ მოსვლისთანავე გვარდიოლამ ახალგაზრდული გუნდის თამაშების ყურება დაიწყო და ფილი, რომელსაც უკვე ახალი მეტსახელი – სტოკპორტელი ინიესტა ჰქონდა, მალევე ძირითად გუნდში გადაიყვანა. უკვე რამდენიმე თამაშის შემდეგ კი თქვა ფრაზა, რომელიც იმ ადამიანისგან, ვინც წლების განმავლობაშ „ბარსელონას“ და მესის ავარჯიშებდა, აშკარად მოულოდნელი და ბევრის აზრით, გადაჭარბებული იყო. „ფილი არის ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი მათ შორის ვისთანაც მიმუშავია“ – თქვა პეპმა და ეს სიტყვები ამის შემდეგაც არაერთხელ გაიმეორა.
47 ნომერი კლუბში – ეს ფოდენის არჩევანი იყო, რაც ბაბუის გამო გააკეთა. ის „სიტის“ გულშემატკივარი და ფილის საუკეთესო მეგობარი იყო, რომელიც სწორედ 47 წლის ასაკში გარდაიცვალა. 2017 წელს ინდოეთში გამართულ 17-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი ინგლისელთა ტრიუმფით დასრულდა. ფინალში მათ ესპანეთთან შეხვედრა 0:2- დან შემოატრიალეს და 5:2 გაიმარჯვეს. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად კი სწორედ ფოდენი დასახელდა და მანჩესტერში ოქროს მედალთან ერთად, ოქროს ბურთიც ჩამოიტანა.
ერთი წლის შემდეგ „სიტისთან“ ერთად პრემიერლიგაში პირველად გაჩემპიონდა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც პრემიერლიგა მოიგო. მაშინ ის არასრულწლოვანი იყო, რის გამოც ზეიმის გამოტოვება მოუწია. „ჩემი თანაგუნდელები გამარჯვების აღსანიშნავად წავიდნენ, მე კი, როგორც არასრულწლოვანს, წვეულების ნაცვლად მამასთან ერთად სათევზაოდ წასვლა მომიწია – მახსოვს, რომ მაშინ გული დამწყდა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ამის მონაწილე არ ვიყავი. საბედნიეროდ, პრემიერლიგა კიდევ ორჯერ მოვიგეთ და გუნდელებთან ერთად გართობის საშუალებაც მომეცა“, – იხსენებს უკვე სამგზის ჩემპიონი ფოდენი.
მიუხედავად ასეთი საკლუბო კარიერისა, ფოდენის ანგარიშზე, ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ ექვსი თამაში და ორი გოლია. ეს სტატისტიკა ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც ფილი ახალი იმიჯით ხვდება, აუცილებლად გაუმჯობესდება. სპეციალისტების ვარაუდით გაიზრდება მისი სატრანსფერო ფასიც, რომელიც დღეს 80 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა, სანამ გვარდიოლა „სიტიში“ იქნება, ნაკლებად სავარაუდოა მის ღირებულებას მნიშვნელობა ჰქონდეს – ესპანელის გეგმებში ის „სიტის“ მთავარ ფიგურად მოიაზრება და მათი განშორება ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა, ახლა ფოდენს და მის ინგლისელ გულშემატკივრებს სხვა საფიქრალი და ოცნება აქვთ – ევროპის ჩემპიონობა, რაც ფეხბურთის სამშობლომ აქამდე ვერ შეძლო და ამის იმედი მორიგ ოქროს თაობასთან ერთად აქვთ, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი ფიგურა სწორედ ფილიპ ვოლტერ ფოდენი უნდა იყოს.
ფოტო – Getty Images