ფიჯისთან მატჩში ბორჯღალოსნებს გორგაძე და ხმალაძე ვერ დაეხმარებიან | რვა ერი
ფიჯისთან მატჩში ბორჯღალოსნებს გორგაძე და ხმალაძე ვერ დაეხმარებიან | რვა ერი

საქართველოს ნაკრები 5 დეკემბერს, ჩვენი დროით 16:00 საათზე მეშვიდე ადგილის მოსაპოვებლად ფიჯის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, – იუწყება საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი.

„შემოდგომის ერთა თასის“ დასკვნით შეხვედრაში, ბორჯღალოსნებს ბექა გორგაძე და ლაშა ხმალაძე ვერ დაეხმარებიან.

ბექა გორგაძემ, რომლის ანგარიშზე 31 კეპია, ირლანდიასთან ჩატარებულ მატჩში მუხლი დაიზიანა. ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი იმედოვნებს, რომ გორგაძის ტრავმა სერიოზულ პრობლემად არ გადაიქცევა და ჩვენს მორაგბეს ოპერაცია არ დასჭირდება.

ფეხის კუნთი აწუხებს და დიდი ალბათობით, ვერ ითამაშებს ლაშა ხმალაძეც, რომელმაც ამავე მიზეზით ირლანდიასთან მატჩი გამოტოვა.

არის კარგი ახალი ამბავიც – თავს უკეთ გრძნობს მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე. მან ნეკნი 21 ნოემბერს, უელსთან მატჩის პირველ ტაიმში დაიზიანა.

„კოტემ ივარჯიშა და ოთხშაბათს გვეცოდინება შეძლებს თუ ვერა თამაშს. არის წვრილ-წვრილი ტრავმებიც, თუმცა, სხვა შემთხვევებში საშიში არაფერია“, – ამბობს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი.