ფიჯის პოლიციამ კორონავირუსის თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო ორი მორაგბე დააკავა. როგორც ირკვევა, ამ დროისთვის სპორტსმენები საავადმყოფოში იმყოფებიან და ადგილობრივი სამართალდამცველების გადაწყვეტილებას ელოდებიან. როგორც ცნობილია, ორივე მორაგბე ფიჯის შვიდკაცა ნაკრების წევრია, ადგილობრივმა მედიამ კი ერთ-ერთი დამნაშავის ვინაობა გაასაჯაროა, რომელიც „ჰარლიქუინზის“ მოთამაშე სემი კუნატანი გახლავთ. კუნატანი 2016 წლის რიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელია. ჯერჯერობით უცნობია მეორე მორაგბის ვინაობა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ფრენკ ბაინიმარამამ მორაგბეების ასეთი საქციელი გააკრიტიკა და მათ ქმედებას უპასუხისმგებლო უწოდა.
„ისინი ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა და ამჟამად ამ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა. მთავრობა მხარს დაუჭერს, რომ დაკავებული სპორტსმენები უმკაცრესად დაისაჯონ. ჩვენი მორაგბეები ძალიან უპასუხისმგებლოდ მოიქცნენ და უამრავი ფიჯელის ჯანმრთელობა რისკის წინაშე დააყენეს“, – განაცხადა ფიჯის პრემიერ-მინისტრმა.
ფიჯის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ო’კონორმა კი განაცხადა, რომ აღნიშნული ინციდენტის შესახებ ცნობა მსოფლიო რაგბის ორგანიზაციაშიც გაიგზავნება.
ამჟამად ფიჯიზე COVID19-ის 14 შემთხვევაა დადასტურებული.