ფიგურული ციგურაობა | ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს [ვიდეო] #1TVSPORT
ლიეტუვის ქალაქ კაუნასში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე სპორტულ წყვილებს შორის ქართულმა წყვილმა, ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მათ გამოსვლა თავიდანვე ეფექტურად დაიწყეს: მოკლე პროგრამაში 71.30 ქულა (40.27 – ტექნიკური ელემენტებისთვის, 31.03 – პროგრამული კომპონენტებისთვის) მიიღეს, რაც საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა და პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს.
ბერულავამ და მეტელკინამ თავისუფალ პროგრამაში დასაწყისში მცირე შეცდომა დაუშვეს და მეხუთეები იყვნენ. მათ 124.84 ქულა დაიმსახურეს (64.73 – ტექნიკური ელემენტებისთვის, 61.11 – პროგრამული კომპონენტებისთვის, შეცდომისთვის ერთი ქულა დააკლდათ).
საბოლოოდ, მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში ქართულმა წყვილმა 196.14 ქულა მოაგროვა და ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ჩემპიონები იტალიელები გახდნენ – ბაკარიმ და გარისემ 199.19 ქულა დაიმსახურეს და მცირედით გაასწრეს ბერულავასა და მეტელკინას.