ფიფამ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალის ჩატარების ადგილი შეცვალა
ფიფამ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალის ჩატარების ადგილი შეცვალა

ფიფა იძულებული გახდა, კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნითი მატჩების ჩატარების ადგილი შეეცვალა. ამის მიზეზი ის არის, რომ ახალაშენებული არენა ყატარში, სადაც თამაშები უნდა გამართულიყო, ჯერ ოფიციალურად ჩაბარებული არ არის.

„ედიუკეიშენ სიტი სტედიუმი“ (Education City Stadium) დოჰაში ერთი ნახევარფინალის, მესამე ადგილისთვის მატჩისა და ფინალის ჩატარების ადგილი უნდა გამხდარიყო, თუმცა 40 000-იან არენაზე ჯერ სატესტო ღონისძიებებიც კი არ ჩატარებულა.

ზემოხსენებული მატჩები ისევ დოჰაში, თუმცა სხვა სტადიონზე, კერძოდ კი „ხალიფა ინტერნეიშენალზე“ გაიმართება.

ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ ეს ცვლილება პრობლემებს არ გამოიწვევს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალური მატჩი 21 დეკემბერს გაიმართება.

რაც შეეხებათ გუნდებს, ჯერ-ჯერობით მხოლოდ ორი ნახევარფინალისტია ცნობილი. ესენი არიან ბრაზილიური „ფლამენგო“ და ინგლისური „ლივერპული“.

„ფლამენგო“ საუდის არაბეთის „ალ-ჰილალსა“ და ტუნისის „ესპერანსს“ შორის გამარჯვებულს 17 დეკემბერს შეხვდება, ხოლო „ლივერპულის“ მეტოქე სამ გუნდს შორის გაირკვევა. ესენი არიან მექსიკური „მონტერეი“, ყატარის „ალ-სადი“ და ახალი კალედონიის „ჰიენგენ სპორტი“ ნახევარფინალი ლივერპულის მონაწილეობით 18 დეკემბერს შედგება.