ფიფა-ს პოზიცია - ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე „ნაპოლი“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს #1TVSPORT
ფიფა-ს პოზიცია - ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე „ნაპოლი“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს #1TVSPORT

ფიფა „ნაპოლის“ პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის კომენტარს გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე თამაშს იტალიის მოქმედი ჩემპიონი უფრო იმსახურებს, ვიდრე ევროთასებიდან მოკვეთილი „იუვენტუსი“.

როგორც გაირკვა, ნეაპოლელებს „იუვენტუსის“ ნაცვლად მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე წასვლის შანსი არ აქვთ, თუ ამის უფლებას მოედანზე არ მოიპოვებენ. კონკრეტულად, ხვიჩა კვარაცხელიამ და მისმა თანაგუნდელებმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზური უნდა მოიპოვონ.

აურელიო დე ლაურენტისის თქმით, მასიმიალიანო ალეგრის გუნდი ევროთასებიდან უკვე მოკვეთილია და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატიდან მოკვეთასაც იმსახურებს.

„ტურინის „იუვენტუსს“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება არ უნდა მიეცეს, რადგან ეს ადგილი „ნაპოლის“ეკუთვნის“, – ამბობს „ნაპოლის“ პრეზიდენტი.

„ტურინის „იუვენტუსი“ ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მიიღებს, თუ „ნაპოლი“ და „ლაციო“ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდებიან“, – ვკითხულობთ ფიფა-ს მიერ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

აღსანიშნავია, რომ „ნაპოლის“ ადვოკატებმა სასამართლო პროცესის შესაძლებლობაზე ისაუბრეს, მაგრამ, როგორც ჩანს, მათი შანსი მცირეა. ამიტომ ფრანჩესკო კალცონას გაწვრთნილები იტალიის ჩემპიონატის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის უნდა მოხვდნენ.

ფიფა-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი 2024 წელს 21-ედ ჩატარდება. მასში ფიფა-ში გაერთიანებული ექვსი კონტინენტის კონფედერაციის საკლუბო ტურნირების გამარჯვებულები და მასპინძელი ქვეყნის ჩემპიონები ითამაშებენ.

2024 წლის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობით საუდის არაბეთია დაინტერესებული. ეს იქნება ბოლო შვიდგუნდიანი ტურნირი, რადგან 2025 წლიდან გათამაშებაში 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.