ფიფა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენის ალტერნატიულ ვარიანტს ეძებს
ფიფა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენის ალტერნატიულ ვარიანტს ეძებს

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა) განიხილავს ვარიანტებს 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელის დასაჯილდოვებლად. როგორც ცნობილია, ჯერ თავად ფიფა-მ გააუქმა საკუთარი პრემია The Best, ამის შემდეგ კი „ფრანს ფუტბოლმა“ უარი თქვა 2020 წელს „ოქროს ბურთის“ გადაცემაზე. ორივე შემთხვევაში, მიზეზი კორონავირუსის პანდემია იყო.

„განვიხილავთ სხვადასხვა ვარიანტს, როგორი ფორმით გამოვძებნოთ ალტერნატიული გზა“, – განაცხადა ფიფა-ს წარმომადგენელმა.

უფრო ადრე, „ბაიერნის“ მმართველმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ გააკრიტიკა „ფრანს ფუტბოლის“ პოზიცია და განაცხადა, რომ განიხილავს ამ საკითხს ფიფა-ს პრეზიდენტთან, ჯანი ინფანტინოსთან. „ბაიერნის“ ხელმძღვანელმა ასევე მიანიშნა, რომ წლის საუკეთესო ფეხბურთელად ის მიუნხენელთა ფორვარდს, რობერტ ლევანდოვსკის მიიჩნევს.