ამერიკული ტელეკომპანია ESPN იტყობინება, რომ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) გამოძიება დაიწყო სერბეთის ნაკრებთან მიმართებაში გუნდის გასახდელში გამოფენილი დროშის გამო, რომელზეც გამოსახული იყო კოსოვო ქვეყნის შემადგენლობაში და წარწერა: „არ ვნებდებით!“
„სამარცხვინო კადრები სერბეთის ნაკრების გასახდელიდან ასახავს ზიზღს, ქსენოფობიას და არის მოწოდება გენოციდისკენ კოსოვოს ხალხის მიმართ“, – დაწერა სოციალურ ქსელში კოსოვოს კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა ჰაირულ ჩეკუმ.
საინტერესოა, რომ სერბეთის ნაკრებთან ერთ ჯგუფში მოხვდა შვეიცარია, რომელშიც ეთნიკური კოსოვოელი ალბანელები თამაშობენ — ჯერდან შაქირი და გრანიტ ჯაკა. ადრე ორივე მათგანმა აღნიშნა გოლები ორთავიანი არწივის ჟესტის გამოყენებით, რაც ალბანეთის დროშას აღნიშნავს.