ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) სადისციპლინო კომიტეტმა კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს სამუელ ეტო’ოს აუკრძალა ნახევარი წლის განმავლობაში კამერუნის ნაკრების თამაშებზე დასწრება.
„ბარსელონას“, „ინტერისა“ და „ჩელსის“ ყოფილი ფეხბურთელი დამნაშავედ სცნეს ფიფა-ს სადისციპლინო კოდექსის ორი მუხლის თანახმად – შეურაცხმყოფელი და შეუფერებელი საქციელი, აგრეთვე პატიოსანი თამაშის პრინციპების დარღვევა.
43 წლის ეტო’ოს მიმართ სანქციები გამოიტანეს ქალებს შორის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში მისი საქციელის გამო. 2024 წლის 11 სექტემბერს ჩატარებულ შეხვედრაში კამერუნი და ბრაზილია ხვდებოდნენ ერთმანეთს. ყოფილ ფორვარდს ზეწოლა ჰქონდა მსაჯებზე იმ მომენტში, როცა ბრაზილიის ნაკრების სასარგებლოდ დანიშნულ პენალტს აპროტესტებდა.
იტყობინებიან, რომ აკრძალვა შეეხება კამერუნის მამაკაცთა და ქალთა ყველა ასაკობრივი ნაკრების მატჩებზე დასწრებას.
სამუელ ეტო’ო კამერუნის ფეხბურთის ფედერაციას 2021 წლიდან უდგას სათავეში.