ფიფა-მ გადატვირთული კალენდრის შესახებ ბრალდებას განცხადებით უპასუხა #1TVSPORT
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრესსამსახური გამოვიდა განცხადებით გადატვირთული საფეხბურთო კალენდრის შესახებ. მანამდე ცნობილი გახდა, რომ წამყვანი ევროპული საფეხბურთო ლიგები აპირებენ, სასამართლოში უჩივლონ ფიფა-ს მატჩების გრაფიკის გამო.
„მიმდინარე კალენდარი ერთხმად დაამტკიცა ფიფა-ს საბჭომ, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ყველა კონტინენტის წარმომადგენლები. ეს მოხდა ყოველმხრივი კონსულტაციების შემდეგ, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს FIFPRO-მ და ლიგებმა.
ფიფა-ს კალენდარი – ეს არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო ფეხბურთის არსებობას და განვითარებას შიდა და კონტინენტურ საკლუბო ფეხბურთთან ერთად.
ზოგიერთი ევროპული ლიგა, რომელიც თავად არის ტურნირების ორგანიზატორი და რეგულატორი, კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, პირფერობს და არ აინტერესებს სხვა არაფერი მსოფლიოში. ეს ლიგები, ეჭვგარეშეა, ამჯობინებენ კალენდარს, რომელიც სავსეა ამხანაგური მატჩებით და საზაფხულო ტურნეებით, რაც ხშირად უკავშირდება დიდ მოგზაურობებს მსოფლიოში.
მათგან გასხვავებით, ფიფა-მ უნდა დაიცვას მსოფლიო ფეხბურთის საერთო ინტერესები, აგრეთვე დაიცვას ფეხბურთელები ყველგან და თამაშის ყველა დონეზე“, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.