ფიფა ფეხბურთში რამდენიმე სიახლეს ნერგავს
ფიფა ფეხბურთში რამდენიმე სიახლეს ნერგავს

დღეს, 27 თებერვალს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაიმართა ფიფას კომიტეტის სხდომა, რომელზეც ორგანიზაციის წევრებმა, ფეხბურთელებმა, ასევე ლიგებისა და კლუბების წარმომადგენლებმა, რამდენიმე საკითხი განიხილეს.

ერთ-ერთი მთავარი თემა ტრანსფერების სისტემაში ცვლილებების შეტანა გახდა. 2020 წლის ივლისში ფიფას სურს ახალი წესების მიღება, რომლებიც 22 წელზე მეტი ასაკის ფეხბურთელებთან საიჯარო ხელშეკრულებების რაოდენობას ზღუდავს. ფიფა სთავაზობს კლუბებს, რომ დაწესდეს გარდამავალი პერიოდი: 2020-21 წლების სეზონიდან გუნდებს შეეძლებათ მაქსიმუმ რვა საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება, ხოლო 2022-23 წლების სეზონის დაწყებამდე ამ რიცხვის ექვსამდე შემცირება იგეგმება. ამასთანავე, ორ კლუბს ერთმანეთისგან მაქსიმუმ სამი ფეხბურთელის იჯარით აყვანა შეეძლება.

ფიფამ ასევე დააკმაყოფილა პრინციპი, რომლის მიხედვით, შიდა ჩემპიონატების ოფიციალური მატჩები სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე არ უნდა იმართებოდეს.

კიდევ ერთი სიახლე სწავლებისთვის კომპენსაციების გადასახდელად ფონდის შექმნა გახდება, რომელიც დაფინანსდება თითოეული ტრანსფერიდან ერთპროცენტიანი საკომისიო გადასახადებით. ეს საშუალებას მისცემს ფიფას, რომ აკადემიებს და სკოლებს ფეხბურთელების აღზრდისთვის კომპენსაცია გადაუხადოს.

დატოვე კომენტარი