ფევაძის რეკორდი და გამარჯვების მომტანი ტყორცნა ოვერტაიმში (ვიდეო)
ფევაძის რეკორდი და გამარჯვების მომტანი ტყორცნა ოვერტაიმში (ვიდეო)

23 დეკემბერს გამართული სუპერლიგის მეორე მატჩში ძალიან დაძაბული გამოდგა, რომლის ბედიც დამატებით დროში გაირკვა. ჩემპიონატის აუტსაიდერი, ერთადერთი გამარჯვების მქონე „მგზავრები“ ერთ-ერთ მოწინავე „ცხუმ-აფხაზეთს“ შეხვდა და ოვერტაიმის ბოლო წამზე წააგო – 83:85.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა ცხუმელებმა, რომ იტყვიან, ბეწვის ხიდზე გაიარეს. „მგზავრები“ მესამე პერიოდში 15 ქულით – 60:45 იგებდა. ბუბა ბერიშვილის გუნდს თამაში მისდიოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამერიკელი ლეგიონერების გარჯა.

ვითარება ბოლო პერიოდში დაიძაბა, როცა „ცხუმ-აფხაზეთის“ ახალგაზრდა მოთამაშეების – ალექსანდრე ფევაძისა და ნიკა ჩეჩელაშვილის დამსახურებაა. მათ მხარს კარგად უბავდნენ გამოცდილი ცენტრი გიორგი შარაბიძე და ლეგიონერი ტაილერ გრინი, ხოლო დაცვაში ტრადიციულად საიმედოდ ირჯებოდა ზუკა მაჩალაძე. შედეგად „ცხუმ-აფხაზეთმა“ ანგარიშიც გაათანაბრა და ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წუთით ადრე 6 ქულით – 70:64 დაწინაურდა.

თამაში გადასარჩენი „მგზავრებს“ გაუხდა და ჯეიდონ კოჰის, ტროი სტიუარტისა და სოსო გოგნაძის შედეგიანობით ძირითადი დროის ამოწურვამდე ბერიშვილის გუნდმა ანგარიში გაათანაბრა. ფრე იყო ოვერტაიმის ბოლო წამებზეც – 83:83. დასრულებამდე 1.7 წამით ადრე ფარქვეშიდან ბურთი ცხუმელებმა შემოიტანეს და ალექსანდრე ფევაძემ, რომელმაც 23 მოხსნით სეზონის რეკორდი დაამყარა, საფინალო სირენის თანხლებით გამარჯვების ბურთი ჩააგდო.

19 ქულით, 23 მოხსნითა და 3 პასით ფევაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. 22 ქულა დააგროვა ჩეჩელაშვილმა, ხოლო 13 – გრინმა. „მგზავრებში“ 24 ქულა ჰქონდა სტიუარტს, 23 – კოჰს, ახალწვეულმა ჯეიდენ ფრედერიკმა კი 17 ქულა, 10 მოხსნა და 4 ჩაჭრა დააგროვა.

სუპერლიგის მომდევნო მატჩები 26 დეკემბერს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება: თსუ-დინამო, ოლიმპი-მგზავრები.

gbf.ge

 

დატოვე კომენტარი