ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, თურქეთში 151 ადამიანის დაკავების ორდერი გაიცა
ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, თურქეთში 151 ადამიანის დაკავების ორდერი გაიცა

თურქეთის პროკურატურამ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაცია FETO-სთან კავშირის ბრალდებით, 151 ადამიანის დასაკავებლად ორდერი გასცა. მათ შორის ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებიც არიან. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ქვეყნის მასშტაბით 23 პროვინციაში აღნიშნული პირების დასაკავებლად ოპერაცია ჩატარდა. პოლიციამ 102 ადამიანი დააკავა. 43 პირი კი ანკარაში აიყვანეს. მათგან 30 სამხედრო მოსამსახურეა.

2016 წლის 15 ივლისს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ხელისუფლება ამბოხის უკან აშშ-ში მცხოვრებ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენს მოიაზრებს და ვაშინგტონს მის ექსტრადირებას სთხოვს. აღნიშნული მოვლენების შემდეგ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც თურქეთის საჯარო და სამხედრო უწყებებიდან მასობრივი დათხოვნები დაიწყო. ამბოხის მხარდაჭერისა ან მასში მონაწილეობის ბრალდებით კი დღემდე 50 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს.