ფესტივალ ECHOWAVES-ის ორგანიზატორი - ანაკლიაში, ფესტივალის ტერიტორიაზე ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, რომ უსაფრთხოება დაცული იყოს
ფესტივალ ECHOWAVES-ის ორგანიზატორი - ანაკლიაში, ფესტივალის ტერიტორიაზე ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, რომ უსაფრთხოება დაცული იყოს

ანაკლიაში, ფესტივალის ტერიტორიაზე ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, რომ უსაფრთხოება დაცული იყოს, – ამის შესახებ ფესტივალ ECHOWAVES-ის ორგანიზატორმა, ბრანე კოსტადინოვმა პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი, მოხალისეები, არასამთავრობო ორგანიზაცია, ასევე პოლიცია და ისინი საჭიროების შემთხვევაში, დახმარებას აღმოუჩენენ ფესტივალის მონაწილეებს.

„ვცდილობთ, ყველას დავეხმაროთ, თუ რამე პრობლემა აქვთ. ასევე ვცდილობთ მსგავსი ტრაგიკული ფაქტი აღარ განმეორდეს. ყველა სამსახური მობილიზებულია, პოლიცია, სასწრაფო. ახალგაზრდა მამაკაცს 40 წამში გაუწიეს დახმარება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა კონსტადინოვმა.

კითხვაზე, გამკაცრდება თუ არა უსაფრთხოების ზომები ანაკლიაში ფესტივალზე ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების შემდეგ, კონსტადინოვი აცხადებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ისედაც საერთაშორისო სტანდარტებით არის უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცული.

ანაკლიის სანაპიროზე მიმდინარე მუსიკალური ფესტივალიდან საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა სულ სამი ახალგაზრდა გადაიყვანეს, რომელთაგან ერთი გზაშივე დაიღუპა.

შსს-ში პირველ არხს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების მიზეზის დასადგენად შესაბამისი ექსპერტიზებია დანიშნული.

ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალი ECHOWAVES ტარდება.