ფერსტაპენი და „რედ ბული“ ფორმულა 1-ის მიმართ ინტერესს აგდებენ - კვლევის შედეგები #1TVSPORT
ინტერნეტპორტალმა Buzz Radar-მა ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც, ირკვევა, რომ ფორმულა 1-ის მიმართ ინტერესი და აუდიტორიის რაოდენობა წელს მკვეთრად შემცირდა.
კომპანიამ შეისწავლა სოციალურ ქსელებში გულშემატკივრების რეაქციები და იმ აზრამდე მივიდა, რომ, სერიის მიმართ 2021 წელს ინტერესის სწრაფი ზრდის შემდეგ, ამ სეზონში ყველა მაჩვენებელი ჩამოიშალა.
ამის მიზეზია მაქს ფერსტაპენისა და „რედ ბულის“ ტოტალური დომინირება. ფორმულა 1-ის მოხსენიების რაოდენობა 60 პროცენტით დაეცა, ახალი ფოლოვერების შეძენა – 40 პროცენტით.
გარდა ამისა, გაირკვა, რომ ფორმულა 1-ის შესახებ პოსტების უმრავლესობას ნეგატიური ხასიათი აქვს, ხშირად გამოიყენება სიტყვა „მოსაწყენი“ და „გამაღიზიანებელი“. შესაბამისად, პოზიტიური პოსტების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა.
კვლევის შემდეგ ასეთი დასკვნა გაკეთდა. თუ მაქს ფერსტაპენი გააგრძელებს დომინაციას, 2024 წლის ბოლოსთვის ფორმულა 1-ის აუდიტორია 50 პროცენტით დაეცემა და ეს ტენდენცია მომავალში გაგრძელდება.
ასეთივე ტენდენცია, ოღონდ ნაკლები მასშტაბებით, ბოლოს 2018 წელს დაფიქსირდა, როცა ლუის ჰემილტონმა ტიტული დიდი უპირატესობით მოიგო.