„ფერენცვაროშმა“ გასვლაზე ვერ მოიგო - ხარაიშვილმა უნგრეთის ჩემპიონის შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა #1TVSPORT
უნგრული ფეხბურთის ბოლო წლების უპირობო ლიდერი „ფერენცვაროში“, სადაც ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, უნგრეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში „ზალაეგერზეგს“ ესტუმრა და შეხვედრა ფრედ დაასრულა.
ბუდაპეშტელთა მთავარმა მწვრთნელმა, სერგეი რებროვმა ძირითად შემადგენლობაში ორივე ქართველი, ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი დააყენა. შვედური „გიოტებორგიდან“ გადასული ხარაიშვილი უნგრეთის ჩემპიონის შემადგენლობაში ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოჩნდა და რებროვმა მარჯვენა ფლანგის შემტევად დააყენა.
ქართველებს გოლით და საგოლე გადაცემებით თავი არ გამოუჩენიათ. თუმცა, პირველ ტაიმში ხარაიშვილი სტუმართა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო და სამჯერ სახიფათოდ დაარტყა. ერთხელ გიორგის დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა და „ზალაეგერზეგი“ გადარჩა.
უნგრეთის ჩემპიონატის მიმართ ქართველი გულშემატკივრის ინტერესს ის განაპირობებს, რომ ბოლო პერიოდში ქართველი ფეხბურთელების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფში უნგრეთში მოხვდა. ტურის მატჩში გასვლაზე „პაკშს“ დაუზავდა (2:2) „მეზოკოვეშდი“, სადაც ნოდარ ქავთარაძე და ლუკა ლაკვეხელიანი ირიცხებიან, მაგრამ ორივე ტრავმირებულია და ჯერჯერობით გუნდს ვერ ეხმარებიან. უკრაინის მოქალაქე მიხეილ მესხი სამატჩო განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
შეგახსენებთ, რომ უნგრეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში ბუდუ ზივზივაძემ და გიორგი ბერიძემ თავი მორიგი გოლებით გამოიჩინეს. პირველის გუნდმა, „ფეჰერვარმა“ „ბუდაფოკს“ აჯობა (1:2) – ზივზივაძე პირველი გოლის ავტორი გახდა. ბერიძის „უიპეშტი“ გათამაშების მეორეადგილოსან „პუშკაშის აკადემიასთან“ 2:1 დამარცხდა, სტუმართა ერთადერთი გოლი კი ქართველის ანგარიშზეა.
25 ტურის შემდეგ უნგრეთის ჩემპიონატს დვალი-ხარაიშვილის „ფერენცვაროში“ 58 ქულით ლიდერობს და ფაქტობრივად, მორიგ საჩემპიონო ტიტულს ვეღარავინ შეეცილება – „პუშკაშ აკადემია“ (45) და ბუდუ ზივზივაძის „ფეჰერვარი“ (40) ლიდერს საგრძნობლად ჩამორჩებიან. „მეზოკოვეშდი“ (35) მეხუთე პოზიციაზეა, ხოლო გიორგი ბერიძის „უიპეშტი“ (31) – მერვეზე.