„ფერენცვაროში“ „იუვენტუსთან“ დამარცხდა, ლაშა დვალმა კრიშტიანო რონალდოს წინააღმდეგ ითამაშა (ვიდეო)
ლაშა დვალმა ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა, თუმცა ეს შეხვედრა არც მისთვის და არც მისი გუნდისთვის, უნგრული „ფერენცვაროშისთვის” იყო წარმატებული.
უნგრეთის ჩემპიონმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის G ჯგუფის მესამე ტურში იტალიურ გრანდს, „იუვენტუსს“ ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე“ უმასპინძლა და 1:4 დამარცხდა.
ალვარო მორატამ დუბლი შეასრულა – ანგარიში მე-7 წუთზე გახსნა, მე-60 წუთზე კი უნგრელების კარი მეორედ აიღო, მესამე გოლი პაულო დიბალას ანგარიშზეა (73), მეოთხე კი სამწუხაროდ, საკუთარ კარში ლაშა დვალმა ჩაჭრა. თუმცა, ის გოლში დამნაშავე არ იყო – მეკარის შეცდომის შემდეგ ბურთი იტალიელთა თავდამსხმელმა დიბალამ ჩაიგდო და კარში დაარტყა – დვალი შეეცადა, კარი დაეცვა და ბურთს ბოლოს შეეხო. საბოლოო ანგარიში 90-ე წუთზე უნგრელთა კოტდივუარელმა თავდამსხმელმა ფრანკ ბოლიმ დააფიქსირა – 1:4.
სამი ტურის შემდეგ, „ფერენცვაროში“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის G ჯგუფში 1 ქულით ბოლო ადგილზეა. პირველზე 9 ქულით „ბარსელონაა“, ხოლო „იუვენტუსი“ 6 ქულით მეორეზეა.